საერთაშორისო საზოგადოების, უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და გაეროს ექსპერტების კრიტიკის შემდეგ, ცნობილი აქტივისტი ლუჯაინ ალ-ჰათლული თავისუფალია. 

“ლუჯაინი სახლშია!” – უფლებადამცველის ფოტოს ამ ტექსტით, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აქვეყნებს ალ-ჰათლულის და.

უფლებადამცველი 2018 წლიდან საუდის არაბეთში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, გასაიდუმლოებული ინფორმაციის გათქმის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.

გასული წლის 28 დეკემბერს კი მას ბრალი დაუმძიმდა და საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლის მცდელობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენების გამო, სასჯელი კიდევ ხუთი წლითა და ექვსი თვით გაუხანგრძლივდა.

ქალთა უფლებადამცველი ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით გაასამართლეს – გაერო განაჩენს აპროტესტებს

გამოტანილ განაჩენს და მისჯილ წლებს მოყვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება და მწვავე კრიტიკა, მათ სასამართლოს გადაწყვეტილებას აბსურდული, “შეთითხნილი” და ყალბი უწოდეს.

ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ ოფიციალური პირები.

დაკავების შემდეგ, ალ-ჰათლულის ადვოკატი და ოჯახის წევრები იზოლატორში მის წამებასა და შევიწროვებაზე საუბრობდნენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდა საუდის არაბეთის სასამართლო.

გუშინ, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International მოუწოდა ხელისუფლებას, დაეწყოთ გამოძიება და პასუხისგებაში მიეცათ ის პირები, რომლებიც უფლებადამცველს აწამებდნენ.

ალ-ჰათლულის გათავისუფლებას სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერი გამოეხმაურა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც მოუწოდებდა სასამართლოს, გაეთავისუფლებინათ უფლებადამცველი, გუშინ აღნიშნა, რომ მიესალმება მის გათავისუფლებას. ემანუელ მაკრონიმ ამის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა.

აშშ-ს პრეზიდენტმა აქტივისტს ძლიერი და მამაცი უფლებადამცველი უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთის გადაწყვეტილება, მისი  ციხიდან გათავისუფლების შესახებ, სწორი საქციელია.

საერთაშორისო მედია იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ ალ-ჰათლული მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააძლიერებს მეფისნაცვლის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანისა და მისი ხელისუფლების კონტორლს – რამდენად დაიცავენ ადამიანის უფლებებს.

“ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ასევე გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მსგავსი ბრალდებით არიან დაკავებულები.” – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები