ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2026 წლამდე საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის გათვალისწინებით, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელია 2.55 მილიარდი ლარი, რაც დაახლოებით 900 მილიონი ლარით (55%-ით) აღემატება 2021 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელს. საჯარო სექტორში დაანონსებული ხელფასების ზრდის შედეგად, შრომის ანაზღაურების ხარჯების ტვირთი სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 2%-ით გაიზრდება.

IDFI -ის ცნობითვე, 2021 წელს სახელმწიფო სექტორში დასაქმებული იყო 301.5 ათასი ადამიანი, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„2021 წლის მონაცემებით, სახელმწიფო სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულია 163,069 პირი, საიდანაც 50,561 (31%) წარმოადგენს შტატგარეშე მოსამსახურეს. 2021 წელს სახელმწიფო სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების (საჯარო სკოლების გამოკლებით) მიერ საკუთარი შემოსავლებიდან გაწეულია 443.5 მილიონი ლარის შრომის ანაზღაურების ხარჯი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება 2020 წლის მაჩვენებელს“, – წერია კვლევაში, რომელსაც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს.

მსგავსი თემები