გზებზე საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კერძო ავტომობილების მატებაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„ქალაქში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. რაც კეთდება, ეს არის საშვილიშვილო საქმე, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებით. ორი უდიდესი და მნიშვნელოვანი გამზირის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მესმის, რომ ამ ყველაფერს ახლავს დისკომფორტი, მაგრამ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით, პირადად მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვიყავი მზად, ვიცოდი, რომ ამას გარკვეული პრობლემები მოჰყვებოდა, გარკვეული დისკომფორტი ექნებოდა, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ცოტა ყველამ უნდა გავიჭირვოთ, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები დასრულდება ყველა იამაყებს განხორციელებული პროექტებით, რომელიც მელიქიშვილის გამზირის და ქეთევან წამებულის გამზირის სახით ექნება ქალაქს.

ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით, ამით არ ვჩერდები, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

თუმცა უნდა აღინიშნოს საცობების ერთ-ერთ მთავარი პრობლემა ეს არის კერძო ავტომობილების მატება, რაც არის ძალიან დიდი რიცხვი. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება.

პირველი ეტაპი ჩვენ დავასრულეთ და მთლიანად იქნა ჩანაცვლებული პარკი, გვყავს ახალი ავტობუსები და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საამაყო, რომ ევროპაშიც კი ასეთი განახლებული პარკი არ ჰყავთ როგორც დედაქალაქს და მეორე ეს არის, ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახდეს ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული.

გვაქვს 20 პრობლემური ლოკაცია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის წარმოადგენს პრობლემას, ამ ადგილებში საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევები, მაგრამ ესეც უნდა განხორციელდეს თანმიმდევრულად და ეტაპობრივად, უცებ შეუძლებელია ყველაფრის მოგვარება“, – განაცხადა კალაძემ.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები