გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი ექიმმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ მოინახულა და თქვა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, სააკაშვილის პოსტ შიმშილობის პერიოდიდან, 99% ყოველგვარი ექსცესების განვლილია.

გიორგაძის თქმით, სწორედ ამ მიზნით, სააკაშვილს ყოველ დღე, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ამოწმებენ და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პარამეტრებზე საუბრობენ.

„რაც შეეხება მის მდგომარეობას, დღეს ჩემი პაციენტი გაბრაზებული და ემოციური დამხვდა, არ ვიცი რატომ, შეგიძლიათ თავად იკითხოთ, თუმცა მე როგორც ექიმმა, ყველას – მის იურისტებსა და ამხანაგებს, ოჯახის წევრებს ვთხოვე 2 კვირა მაცადონ, რომ მკურნალობის პროცესი დავასრულოთ.

ვინც მის სიცოცხლეზე ფიქრობს, ცოტა გვაცადეთ. წარმოიდგინეთ, 50 დღე შიმშილობთ და ამის შემდეგ რაღაცაზე ფორიაქობთ, კარგად იქნებით? ერთადერთი რეკომენდაცია რაც მაქვს არის ის, რომ დღეში 3 ვიზიტორზე მეტი არ იყოს, თუ ვინ იქნებიან ეს ვიზიტორები და ვინ შევა მოსანახულებლად, ეს მე არ მეხება. თვითონ პაციენტი ექიმებს არაჩვეულებრივად მოგვყვება,“ – განუცხადა მედიას ელენე გიორგაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ანალიზები ნელ-ნელა სწორდება და დღესაც გარკვეული პარამეტრები გამოსწორდა.

„ყველაფერი ახსოვს, აბსოლუტურად არაფერი ავიწყდება, თუმცა არსებობს კიდევ ერთი რამ – მენტალური ჯანმრთელობა, რაზეც ამბობენ, რომ ამ კუთხით, მე-18 დაწესებულებაში უკეთ იყო. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასე არაა. მან თავად მითხრა, რომ აქ უკეთაა და მისი თხოვნით ყოველ დღე დავდივარ სწორედ აქ.

მე ენდოკრინოლოგი ვარ და ამიტომ მისი მენტალური მდგომარეობის შეფასების უფლება მხოლოდ ფსიქიატრს აქვს, მეტი არავის. ვერც ჰემატოლოგი და ვერც ენდოკრინოლოგი ამას ვერ შეაფასებს,“ – აღნიშნა ექიმმა.

დასმულ კითხვაზე კი – შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ორშაბათს, 29 ნოემბერს მის სასამართლო პროცესს დაესწროს, ელენე გიორგაძემ უპასუხა, რომ ამაზე პასუხს კვირას გასცემდა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები