თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 6 საათის შემდეგ პირადი ექიმი აღარ არსებობს. ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის, რაც მის მიმართ ხდება, მკვლელობის დაგეგმილი პროცესია და ამას, მისივე სიტყვებით, ყველა დასკვნა ადასტურებს.

„ჩემთვის ეს არის არჩევანი სამშობლოს დაკარგვასა და შიშით სიკვდილს შორის. მეც მქონდა არჩევანი კომფორტში ცხოვრების, ყველაფერი ეს მივატოვე და აქ ჩამოვედი. ჩვენს ხალხს აქვს არჩევანი მოქმედებასა და უმოქმედობას შორის. პოლიტიკოსებს აქვთ არჩევანი პირად ამბიციებსა და ერთიანობას შორის იმ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე სოციალურ შემწეობას ითხოვს.

რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის, რაც ჩემ მიმართ ხდება, ეს არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის. ეს არის სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა, ეს არის ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა“,-განაცხადა სააკაშვილმა.

„იმ ამბულატორიაშიც კი, რომელიც იქ არის 6 საათის მერე ვერაფერს შეიძენ, იციან, რომ სწორედ ამ დროს არის გონების დაკარგვის საფრხთე და გულყრის, ექიმი იმ საათებში აღარაა. ეს არის მათი გადაწყვეტილება“, – ამბობს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ, სასამართლომ განჩინებით მიმართოს პენიტენციურ სამსახურს, რათა სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ადეკვატური მომსახურება გაეწიოს. როგორც მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, დაცვის მხარეს, მოთხოვნის მიუხედავად, სააკაშვილის მკურნალობის ისტორიას არ აძლევენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით თავად სააკაშვილის განცხადებებს ეყრდნობიან.

მიმდინარე სხდომას ესწრებიან პოლიტიკოსები, მათ შორის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის წევრი პეტრე ცისკარიშვილი. სასამართლოში იმყოფება ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, ჩვენებას 3 მოწმე მისცემს, რომელთაც საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები