პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ე.წ. “მწვანე პასპორტების” გაუქმებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი პარტია, როგორც იქნა, მიხვდა, რამდენად უაზრო იყო აღნიშნული საბუთი.

ამის შესახებ ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რასაც ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ აკეთებდა, არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ:

“გილოცავთ, როგორც იქნა, მმართველი პარტია მიხვდა, რომ “მწვანე პასპორტები” უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რაზედაც, რატომღაც, მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ.

ჩვენ გვახსოვს, რომ როცა 5 და 1 ადამიანი იყო ინფიცირებული, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და აბასთუმანში მიგყავდათ, ეს ყველაფერი ოპოზიციის ლოცვა-კურთხევით ხდებოდა, ესეც არ მინდა, რომ ვინმეს გამორჩეს. ცოლ-ქმარს მანქანაში წინ ჯდომას უკრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს “მწვანე პასპორტები” შემოიღეთ.

ათასნაირი შეზღუდვა იყო – 21:00 საათიდან სახლიდან არგასვლა და ა.შ. ასევე ბიზნესების გაკოტრება, თუნდაც ამ ბოლო პერიოდში რეგულაციებით, როგორც თქვენ სასტუმროებს ან რესტორნებს მოექეცით. გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენ წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომლებიც ამ ყველაფრის შემდეგ ზარალდებოდა.

რასაც თქვენ აკეთებდით კორონავირუსის წინააღმდეგ, არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა რაიმე პასუხისმგებლობას ამაზე, თუნდაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას?

ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მე მგონი ყველასთვის თვალნათელია, თუ რამხელა შეცდომა იყო ეს, როცა დღეს 25 ათასამდე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რეალურად კი სამჯერ მეტი. მანამდე დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? შეცდომის არ აღიარების თვალსაზრისით, დღესაც იგივეს ვაგრძელებთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა. 

რატომ გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება – გაბუნიას განმარტება

კულუმბეგოვი: ამ ფორმით პასპორტს ჯობია, არ გვქონდეს!

გამყრელიძე: ჩემი გადასახედიდან, ბიზნესებისთვის რეკომენდებულია “მწვანე პასპორტი” მოითხოვონ, ეს მათი გადასაწყვეტია

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები