როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარები განმარტავენ, რომ ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად.

“ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროპარლამენტარები გამოხატავენ მზადყოფნას, საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში დაეხმარონ.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები