აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბათუმის განვითარებასთან ერთად, ძველი ბათუმის იერსახის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ძველ ბათუმში მხოლოდ არსებული სახლების, ურბანული ძეგლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდება.

რიჟვაძის განმარტებით, ძველ ბათუმს ძველი იერსახე შეუნარჩუნდება და კოეფიციენტი არ გაიზრდება:

„გარკვეული სპეკულაციები გამოიწვია ძველი ბათუმის კონტექსტში ამ ცვლილებებმა, ამიტომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მსურს განვმარტო, რომ ძველ ბათუმთან დაკავშირებით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იერსახის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მათი მოვლა.

ამიტომ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება ძველ ბათუმს. შენარჩუნდება მორატორიუმის რეჟიმი, მოხდება მხოლოდ ძეგლების რეაბილიტაცია კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ფარგლებში.

მინდა ვთხოვო ბათუმის მუნიციპალიტეტს და მერიას, ასევე ეკონომიკის სამინისტროს, რომ პირველი სექტემბრიდან მოვახდინოთ ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის ფინანსური რესურსის გამოძებნა, რათა მაქსიმალურად მალე შევძლოთ კონკრეტული კვარტალების რეაბილიტაცია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის იერსახე, რომელიც არ გვხვდება.

12-მეტრიანი შეზღუდვა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ძალაში რჩება და ძველ ბათუმთან მიმართებით კოეფიციენტი არ გაიზრდება. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ძველ ბათუმთან მიმართებით ეს სპეკულაციები დასრულდება და ყველა შეკითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სახალხო დამცველმა ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერება და არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა

ფოტო სლაიდში: აჭარის ტელევიზია
ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები