ჩვენი მეგობარი საფრთხეშია. მეგობარი, რომელმაც ჩვენი თანამედროვე ისტორიის ყველაზე რთულ დროს, აგვისტოს ომის პერიოდში არ მიგვატოვა, რუსეთთან დაპირისპირების არ შეეშინდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი ღიად დაუჭირა.

2008 წლის 12 მაისს უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტებმა ვილნიუსში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მოსკოვს მოუწოდებს, უარი თქვას სოხუმთან და ცხინვალთან ოფიციალურ ურთიერთობებზე. გარდა ამისა, ამავე წლის 15 მაისს უკრაინის დელეგაციამ მხარი დაუჭირა ქართული მხარის მიერ გამოტანილ რეზოლუციას „აფხაზეთიდან დევნილთა და ლტოლვილთა მდგომარეობა“, რომელიც გაეროს ასამბლეამ იმავე დღეს მიიღო.

2008 წლის 12 აგვისტოს კი ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის და პოლონეთის პირველ პირებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მხარდაჭერა პირდაპირ თბილისში გამოუცხადა.

ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან ყველაზე მძიმე მომენტებში ნამდვილი მეგობარი გვერდით გვედგა და დღეს უკრაინასთან მიმართებაში დუმილის დრო არაა.

ჩვენი მეგობარი უკრაინა საფრთხეშია. ასეთ დროს კი მეგობრები, თუ ისინი სულით მოღალატეები არ არიან, მხარს უნდა გიჭერდნენ, გამხნევებდნენ, განცხადებას განცხადებაზე აკეთებდნენ, ჩადიოდნენ, შეხვედრებს ადგილზე აწყობდნენ…

გავიგოთ, რას აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, რა ჰქვია მის საქციელს, რა ბედი ელის უკრაინას და შესაბამისად, რა ბედი გველის ჩვენ – ყველა მოვლენა, ფაქტი და კომენტარი ქრონოლოგიურად დაგველაგებინა და ანალიტიკოსების განცხადებებიც თან დაგვერთო, დასკვნის გამოტანა კი თქვენთვის მოგვინდვია.

 

 

 

უკრაინა და აშშ-დასავლეთი

 

დაახლოებით ორი თვეა, ცოტა მეტი, რაც  რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასობით ათასი ჯარისკაცი განალაგა. კრემლი ასეთ სამხედრო მობილიზებას უსაფრთხოების მოტივით ამართლებს. უსაფრთხოებასა და ვითომ მოქალაქეების დაცვაზე კრემლის აქცენტირება უკვე ნანახი კინოა. ალბათ გახსოვთ, 2008 წელსაც ეს „არგუმენტი“ ჰქონდა ოკუპანტს. არადა, 2002 წლიდან დაიწყო რუსეთმა კონფლიქტურ ზონებში პასპორტიზაციის არალეგალური კამპანია, რათა ხელოვნურად წარმოქმნილიყო „რუსეთის მოქალაქეები“, რომელსაც შემდგომში რუსეთი „დაიცავდა“. ეს კრემლის ნაცნობი ხერხია.

დასავლეთი კი ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

დასავლეთიც ცოტა პირობითია. ზოგიერთი ქვეყანა ღიად უჭერს მხარს უკრაინას და იარაღითაც ამარაგებს, ზოგი კი, მაგ. გერმანია – პირიქით. მან ოფიციალურად თქვა, რომ გერმანული წარმოების იარაღი არ მიაწოდონ უკრაინას. პრინციპში გერმანია არც ადრე გამოირჩეოდა რუსეთის მიმართ სწორი დამოკიდებულებით, არც მერკელის დროს და არც – ახლა.

რაც შეეხება ზესახელმწიფო აშშ-ს – მისმა პრეზიდენტმა უკრაინის პირველი პირი ცოტა დააბნია. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი უკრაინაში შევა, მაგრამ ეს არ იქნება „სრულფასოვანი ომი“. მან ამ კონტექსტში გამოიყენა სიტყვები „მცირე შეჭრა“ და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, დასავლეთს მოუწევს მსჯელობა რა უნდა გააკეთონ.

დაანონსებული სანქციების რომ რუსეთს არ ეშინია, ეს აშკარაა. ფაქტია, სხვა რამ აქვს მოსაფიქრებელი დასავლეთს.

ბაიდენის ამ სიტყვებს უკრაინის პირველი პირი გამოეხმაურა. ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს „მცირე შეჭრა“ და პატარა ერები.

“გვინდა შევახსენოთ დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ვსაუბრობ ამას, როგორ დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტი”, – დაწერა ტვიტერზე ზელენსკიმ.

მოგვიანებით თეთრ სახლს ბაიდენის სიტყვების განმარტებაც მოუწია და აშშ ახლა უკვე სამხედრო დახმარებასაც უგზავნის კიევს.

უკრაინის დედაქალაქში ვაშინგტონიდან 80 ტონაზე მეტი შეიარაღება ჩავიდა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამხედრო ტვირთი 200 მილიონი დოლარის ღირებულებისაა.

 

 

 

უკრაინა და მეგობარი საქართველო

 

ორი თვეზე მეტია, რაც  რუსეთმა უკრაინის საზღვართან ასობით ათასი ჯარისკაცი განალაგა – ამ წინადადებით დავიწყე სტატიის პირველი ქვეთავი და ასე ვიწყებ ახლაც. მინდა, ყურადღება დროს მიაქციოთ, ანუ ორ თვეზე მეტია უკრაინაში ეს პროცესი ხდება. ორ თვეზე მეტია მეგობარი საქართველო დუმს. ორ თვეზე მეტია, ხელისუფლებას „არ სცალია“ მეგობრებისთვის, გაჭირვებული მეგობრებისთვის. ჩვენთვის რომ იცლიდნენ , როცა გვიჭირდა, ხომ კარგი იყო, ხომ მოგვწონდა.

მაგრამ ახლა რუსეთს არ მოეწონება, რუსეთს ეწყინება, რუსეთი გაღიზიანდება და ვსხედვართ ასე ჩირგვებში. ამ ჩირგვებიდან უცებ ვიღაცის თავი გამოჩნდა. თვალებიც არ უჩნდა, მხოლოდ თავის ზედა ნაწილი. ეს დავით ზალკალიანის სამხაზიანი განცხადებაა ტვიტერზე:

ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია

უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, – წერს ზალკალიანი.

რაც მთავარია, რუსეთი არსად ვახსენოთ, ოკუპანტი არ დავუძახოთ და ჩვენი საერთო მტერი რომ არის, არც კი გავიფიქროთ.

დღეს გააკეთა განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემაც . შალვა პაპუაშვილის თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და უკრაინელებს. მისი განცხადებით, მთავარი ამოცანაა, ომის არდაშვება უკრაინაში.

სულ ესაა. ბევრის დაწერა გვინდოდა საქართველოს მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, მაგრამ რაც არ არის, რას დაწერ. ერთადერთი გასამხნევებლად ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისში, უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა, სადაც ოპოზიცია, აქტივისტები, საჯარო პირები მივიდნენ და მეგობარს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ოპოზიციამ კი უმრავლესობას მოსთხოვა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს.

 

 

რა იქნება ახლა

 

ახლა ყველას ერთი კითხვა გვაქვს – დაიწყება თუ არა ფართომასშტაბიანი ომი და რა ბედი გველის ჩვენ, რომლებიც ფაქტობრივად, დუმილს ვინარჩუნებთ. ამ თემაზე ორ ექსპერტს ვესაუბრეთ, რომლებიც გადაჭრით ვერ ამბობენ, დაიწყებს თუ არა რუსეთი ომს, რადგან პუტინს თავში რა მოუვა, არავინ  იცის, თუმცა გარკვეული პროგნოზების გაკეთება მაინც შესაძლებელია.

„სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ცენტრის“ ანალიტიკოსი გიორგი რუხაძე უკრაინაში არსებულ განწყობებზე საუბრობს.

„ბევრი უკრაინელი, არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ რიგითი ადამიანები უკმაყოფილონი არიან საქართველოს ასეთი პასიურობით და მართლებიც არიან. როცა საქართველოს უჭირდა, უკრაინის პრეზიდენტი თბილისში იყო, საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩამოვიდა ის საქართველოში. ახლა არც ჩვენი პრეზიდენტია უკრაინაში და არც – პრემიერი.

მთავარი მაინც ისაა, რომ ამ ნაბიჯებით, ამ სიჩუმით, ჩირგვში ჯდომით საქართველოს ხელისუფლება საკუთარი თავის ილუსტრაციას სთავაზობს არა მარტო ჩვენს მოსახლეობას, მთელ მსოფლიოს. საქართველოს აქვს ორი არჩევანი, ის ან უნდა იყოს უკრაინასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, ან რუსეთთან. სიჩუმით საქართველო მეორე არჩევანს აკეთებს“, – ამბობს რუხაძე.

ანალიტიკოსი დასავლეთის პოზიციებზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის მიმართ საერთაშორისო სამყაროს დამოკიდებულება შეცვლილია.

„გასული 15 წლის განმავლობაში დასავლეთს ჰქონდა ასეთი პოლიტიკა, რომ ცოტა რაღაც დავუთმოთ რუსეთს, მასთან ვივაჭროთ და ამით რუსეთს პარტნიორად ვაქცევთ. რეალურად ამ პროცესში რა მოხდა: 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს, 2013 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა, შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონები დაიკავა. ახლა მგონი, აღარავინ დარჩა დასავლურ სივრცეში, ვინც ვერ მიხვდა, რომ რუსეთთან ასეთი პოლიტიკა კონტრპროდუქტიულია. უკრაინაში თუ დაიწყება ომი, შემდეგი დარტყმა შეიძლება სხვა ქვეყნებში მივიღოთ“, -აცხადებს ექსპერტი.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ასევე დასავლეთის პოლიტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დრომდე მას ჰქონდა „არგაღიზიანების“ პოლიტიკა, თუმცა მისი თქმით, ახლა დასავლეთი გამოფხიზლებულია.


„ზოგადად, დასავლეთის პოლიტიკა პოზიციების დათმობის პოლიტიკაა. ერთი, რაც ფაქტობრივად ომის ზღვარზე მყოფმა სიტუაციამ დადებითი მოიტანა, დასავლეთის გამოფხიზლებაა. დიდ დროს ვუთმობ დასავლელი ანალიტიკოსების , პოლიტიკოსების პოზიციებს და აშკარაა, დასავლეთი გამოფხიზლდა. ეს არ არის მხოლოდ საფრთხე უკრაინისთვის, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.

საქართველოსთან მიმართებაში გაჩნდა საინტერესო დეტალი, ვგულისხმობ ზალკალიანის ინტერვიუს, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მადრიდის ნატოს სამიტზე, ივნისში საქართველოს აქვს გარანტიები, რომ ნათელი და მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგას ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით.

შესაძლებლობების ფანჯარა რომ გამოჩნდეს, ამის ალბათობა ახლა ისე მაღალია, როგორც არასდროს“, – ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნატოს წევრებს საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავთ სამხედრო ძალები და დამატებით ხომალდებსა და თვითმფრინავებს გზავნიან დისლოკაციის ადგილებზე აღმოსავლეთ ევროპაში. ამ საშუალებით ზრდიან მოკავშირეები შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს, რადგან რუსეთი აგრძელებს სამხედრო ძალის მობილიზებას უკრაინასა და მის საზღვრებთან. ამის შესახებ ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები