უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ცნობილ ფრანგ მსახიობს, ალენ დელონს. ინტერვიუში, რომელიც ფრანგულ ტელეარხ TV5 Monde-ზე გავიდა, ალენ დელონმა საჯარო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.

“ხშირად ამბობენ, რომ თანამებრძოლები ვართ, რადგან ორივემ დავიწყეთ როგორც მსახიობებმა, მაგრამ მის კარიერას უკეთესი ბოლო ჰქონდა, ის პრეზიდენტია, მე არაფერი,” – აღნიშნა ღიმილით ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას ალენ დელონმა.

თავის მხრივ ზელენსკიმ თქვა, რომ ის არასდროს ყოფილა ისეთი გენიალური მსახიობი, როგორიც ალენ დელონია.

“ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ჩემთვის ავტორიტეტი და უდიდესი მსახიობი ხართ,” – მიმართა ვოლოდიმირ ზელენკიმ ფრანგ მსახიობს და ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის მნიშვნელობას, რომელსაც მსახიობი და მთლიანად ფრანგული საზოგადოება იჩენს უკრაინის მიმართ.

ალენ დელონმა უპასუხა, “ეს მინიმუმია, რაც შემიძილია გავაკეთო”

“თქვენ არ იმსახურებთ იმას, რასაც უკრაინა და უკრაინელი ხალხი განიცდის. თქვენ არაფერი დაგიშავებიათ ამ ომის პროვოცირებისთვის. არის რაღაცები, რაც არ მესმის და ომი არის ასეთი,  არ შემიძლია იმის მიღება და გაგება, როდესაც ვხედავ, როგორ კვდებიან ადამიანები, კვდებიან ბავშვები, კვდებიან ცხოველები, მეზიზღება ომი,” – განაცხადა ალენ დელონმა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის [პუტინის] ოცნებაა და არა ქვეყნის ან მთლიანი ერის, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა:

“ის ფიქრობს, რომ ჩვენ მისი სამყაროს ნაწილი ვართ, ალბათ მას სწყურია საბჭოთა კავშირის დაბრუნება და ყველა, ვინც ამ გზაზე ხელს უშლის მისთვის საზარბაზნე ხორცია. მან მშვენივრად იცის, რამდენი ადამიანი კვდება ყოველ დღე, მაგრამ ეს მისი გეგმის ნაწილია. ეს კოლონიალისტური მიდგომაა,”- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ინტერვიუ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ალენ დელონის კიევში მიპატიჟებით დასრულდა.

“მე ჩამოვალ, როდესაც ნაკლები ხელჯოხი დამჭირდება და ნორმალურად სიარულს შევძლებ. მოვალ. ეს მალე იქნება, იმიტომ რომ ეს ღირს ამად და მე არ მეშინია,” – განაცხადა ალენ დელონმა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები