ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემა „დღის თემაში“ საუბრობს რა იცვლება საპენსიო სესხებში, რა პირობებით ცხადდება კონკურსი კომერციული ბანკებისთვის და რა სარგებელს მიიღებენ პენსიონრები.

„ტენდერში გამარჯვებული კომერციული ბანკი 7 წლით მოიპოვებს უფლებას, რომ პენსიონერებს დაურიგოს პენსია და ამისთვის სახელმწიფო მათ ყოველწლიურად გადაუხდის 15 მილიონ ლარს. სანაცვლოდ, საპენსიო სესხებზე წესდება საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიც გაიცემა პენსიის უზრუნველყოფით და ზედა ზღვარი იქნება ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთს პლიუს მაქსიმუმ 15%. ეს არის 10.5%. ზედა ზღვარი დღევანდელი რეფინანსირების პირობებში 25.5%-26% გამოდის“, – აცხადებს კეპულაძე.

საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდება

ბაზარზე არსებული 14 ბანკიდან ამ ეტაპზე, ახალ ტენდერში მონაწილეობის სურვილს მხოლოდ ორი ბანკი გამოთქვამს.

გიორგი კეპულაძის თქმით, რისკი იმის, რომ საპენსიო გასაცემლებზე გამოცხადებული კონკურსის პირობები კომერციული ბანკებისთვის მიუღებელი იყოს, არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში მისივე თქმით, სახელმწიფო მზად არის გაითვალისწინოს აღნიშნული და ბანკებს პირობებში ცვლილებები შესთავაზოს.

„არსებობს რისკი, რომ ის პირობები, რასაც სახელმწიფო სთავაზობს კომერციულ ბანკებს, შესაძლებელია მათთვის არ იყოს მისაღები, თუმცა თუმცა სახელმწიფო გაითვალისწინებს და შესაძლებელია გარკვეული პირობები შეიცვალოს, თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს აღნიშნულ პირობებში არ ველოდები. აქ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ყოველწლიურად 15 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს, რომ კომერციულმა ბანკმა არ გადადოს საპროცენტო განაკვეთი.

აქამდე არსებული საპროცენტო განაკვეთი საპენსიო სესხებზე რეალურად დღეს გამოჩნდა, რომ იყო ნამდვილად საბაზრო, რადგან ეს არის საკმაოდ რისკიანი სესხი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპენსიო სესხებით არ სარგებლობენ არა საპენსიო ასაკის ადამიანები, რომელთანაც რისკი სესხის ვერ დაბრუნების გაცილებით ნაკლებია. ამიტომ, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ სჯობს გაიღოს გარკვეული თანხა ყოველწლიურად იმისთვის, რომ ბანკებმა მოახერხონ ოპერირება და სესხების გაცემა პენსიონრებზე უფრო უკეთესი პირობებით ვიდრე ის აქამდე იყო“, – აცხადებს ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე.

„ფორტუნას“ კითხვაზე – რა სარგებელს მიიღებენ პენსიონრები? განიხილება თუ არა, რომ კიდევ უფრო მეტად შემცირდეს საპროცენტო განაკვეთი და რა მექანიზმები არსებობს ამისთვის? კეპულაძე პასუხობს:

„რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პენსიონრებმა დროულად მიიღონ ის პენსია, რასაც სახელმწიფო სოციალური დახმარების სახით აძლევს მათ, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი გადასახადებისგან შედგება, ამას ხაზი უნდა გაესვას. თუ ისინი კვლავ დააპირებენ სესხის აღებას უკვე 2023 წლიდან, ეს შესაძლებელია დაახლოებით დღევანდელი მონაცემებით მინიმუმ 5-6%-ით ნაკლები გამოვიდეს იმ სუბსიდიის ხარჯზე, რასაც სახელმწიფო გაიღებს უკვე ბიუჯეტიდან, რომელიც არის ზუსტად ეს 15 მილიონი ლარი. საპროცენტო განაკვეთის შემცირება იქნება ერთ-ერთი სარგებელი. თუ რეფინანსირების განაკვეთი დაიკლებს რისი მოლოდინიც არსებობს, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც დაიკლებს და თუ იქნება 8%, გამოვა 8+15%, ანუ რეალურად ამ საკონკურსო პირობებით საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

შეგახსენებთ, საპენსიო სესხებზე პროცენტის ზედა ზღვარი მცირდება. თუკი აქამდე პენსიონერები პენსიით უზრუნველყოფილ სესხს 35 პროცენტიანი დანამატით იღებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 26 პროცენტამდე შემცირდება.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

ნათია კანკია
ავტორი

მსგავსი თემები