სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილი გადასცეს.

წერილის ადრესატი ევროკომისიის პრეზიდენტია. ინიციატივის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვენ, საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს მხარი დაუჭიროს.

როგორც “ფორტუნასთან” საუბარში წერილის ავტორები აღნიშნავენ, ინიციატივას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან, ისინი ადასტურებენ, რომ ქართველი ხალხი  ერთსულოვანია ევროპულ არჩევანში და რომ საქართველოს ევროპის გარდა, სხვა გზა არ აქვს:

“ინიციატივაში გაერთიანებულია საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე. ჩვენ გსურს ვაჩვენოთ, რომ იმ მოთხოვნაში, რასაც ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია, ყველა ვართ ერთსულოვანი და გვსურს, ამას მივაღწიოთ.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს კარგი მაგალითი ვაჩვენოთ და ვთქვათ, რომ ამ მიზნისკენ ერთად უნდა ვიაროთ და დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

დღეს სხვადასხვა თემაზე მრავალი დისკუსია იმართება, მაგრამ ყველა ეს დისკუსია არის არარელევანტური, რადგან რამდენიმე კვირაში ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხი ევროკავშირის მხრიდან და ჩვენ გვინდა, რომ ეს პასუხი იყოს დადებითი.

გვსურს, რომ ამ პასუხმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა მისცეს ჩვენს მოქალაქეებს – უკეთესად იცხოვრონ, ჰქონდეთ მაღალი პენსია და ხელფასი, იშოვონ სამსახური, როდესაც ამის სურვილი ექნებათ, განვითარდეს ეკონომიკა და ჩვენი კულტურა და გარემო უკეთ იყოს დაცული. ეს არის ის, რაც ევროკავშირს მოაქვს და ამისთვის ერთად უნდა ვიაროთ.

ჩვენ ევროკავშირს ვთხოვთ მხარდაჭერას, ვთხოვთ, რომ მივიღოთ სტატუსი. როდესაც ჩვენ ვყოფილვართ ერთად, ყოველთვის გამოგვსვლია და კიდევ ერთხელ შეგვიძლია მთელ დასავლეთს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ტიპის ხალხი და ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს ევროპაში ინტეგრაციას”, – განუცხადა “ფორტუნას” ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის მისწრაფების აღიარება იქნება:

“ამ წერილით, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო ინიციატივის დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება”, – აღნიშნულია წერილში.

წერილის გადაცემის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ევროკავშირის ელჩმაც მიმართა:

“ამ შესაძლებლობის გამოყენება მნიშვნელოვანია. მადლობა ყველას, მადლობა საზოგადოებას იმ სამუშაოსთვის, რომელიც გასწია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული გზისთვის. რა თქმა უნდა, ეს ისტორიული მომენტია და თქვენი ჩართულობა, როგორც სხვა ფაქტორები, მნიშვნელოვანია. თქვენ გვჭირდებით რჩევისთვის და ამ ყველაფრის ხალხთან მისატანად”, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” 27 მაისს სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაფუძნდა. ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მსახიობებს, მომღერლებს, მწერლებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს აერთიანებს.

 

ფოტო სლაიდზე: რადიო თავისუფლება

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები