საუდის არაბეთის პოლიტიკური სისტემის შეცვლის მცდელობა და ზიანის მიყენება ეროვნული უსაფრთხოებისთვის – ოფიციალური განაჩენი ასეთია, რომელსაც არ ეთანხმება არც დაკავებულის ოჯახი და არც საერთაშორისო საზოგადოება.

ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ცნობილ აქტივისტს, ქალთა უფლებების დამცველს ლუჯაინ ალ-ჰათლულს უკავშირდებოდა, გუშინ დასრულდა ვერდიქტით – თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლითა და რვა თვით.

დღესვე  ცნობილი გახდა, რომ აქტივისტის ოჯახი განაჩენს გაასაჩივრებს.

ტერორიზმი თუ ბრძოლა უფლებებისთვის? ალ-ჰათლულის საქმიანობა მოკლედ, შეიძლება, ასე შევაჯამოთ:

☑  პოპულარობა 2013 წელს მოიპოვა, როდესაც საუდის არაბეთში კამპანია დაიწყო – ქალებისთვის საჯარო მმართველობის უფლების მოსაპოვებლად.

☑  პირველად 2014 წელს დააკავეს. მართავდა ავტომობილს, რომლის უფლებაც არ ჰქონდათ ქალებს ქვეყანაში, თუმცა ალ-ჰათლულს მართვის მოწმობა ჰქონდა. მოგვიანებით ჰათლული აღნიშნავს, რომ იზოლატორში გატარებული 73 დღე მას დაეხმარა, კარგად მომზადებულიყო აქტიური კამპანიისთვის და ებრძოლა ქალთა უფლებებისთვის.

☑  2016 წელს გახდა ერთ-ერთი პირველი ქალი საუდის არაბეთში, რომელიც მუნიციპალური არჩევნების დროს, კანდიდატად დაასახელეს.

☑  2018 წელს მიწვეული იყო შეხვედრაზე ჟენევაში, სადაც ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს გააცნო ინფორმაცია არაბეთში ქალების მდგომარეობის შესახებ.

31 წლის ალ-ჰათლული, რამდენიმე უფლებადამცველთან ერთად სწორედ 2018 წელს, მასშტაბურ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნა ქალებისთვის ავტომობილით სარგებლობის უფლების მინიჭება იყო, სასამართლომ დაკავებულებს სულ სხვა მუხლით წაუყენა ბრალი – უფლებადამცველებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საიდუმლო ინფორმაციის გათქმაში ადანაშაულებდნენ.

2018 წლიდან საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მისცეს, თუმცა ალ-ჰათლულისა და მისი თანამოაზრეების სასამართლო პროცესები გადადეს.

28 დეკემბრის განაჩენს კი, როგორც დაკავებულის უფლებების დამცველმა, ასევე მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ, “შეთითხნილი”, ყალბი და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საუდის არაბეთს, დროულად გაათავისუფლონ უფლებადამცველი.

გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა შესაბამის უწყებებს გერმანიის ადამიანის უფლებათა კომისარმა ბარბელ კოფლერმა.

განაჩენს უსამართლო და შემაშფოთებელი უწოდა ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმაც.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ კეილ ბრაუნმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ ისინი ელოდებიან ალ-ჰათლულის გათავისუფლებას 2021 წელს.

გამოცემა Agence France-Presse-ს მოგვიანებით ალ-ჰათლულის ძმამ უთხრა, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მან ტირილი დაიწყო, რადგან ტერორისტი უწოდეს, თუმცა აქტივისტი ბრძოლას განაგრძობს და დაელოდება განაჩენის გასაჩივრებას, მიუხედავად იმისა, რომ არაბული სასამართლოს იმედი არ აქვთ. დაკავებულის ოჯახი ასევე აცხადებს, რომ პროსამთავრობო მედია მას მოღალატედ მოიხსენიებს, იზოლატორში კი დაკავებულს აწამებენ და ავიწროვებენ. საუდის არაბეთის სასამართლომ ცოტა ხნის წინ აღნიშნული ბრალდება უარყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იგივე ბრალდებით ალ-ჰათლულთან ერთად დაკავებულია აქტივისტი მაია ალ-ზაჰრანიც, რომელსაც სასამართლომ ასევე 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები