„ნაციონალურ მოძრაობაში“ სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა, ნიკა მელიამ კი პარტიის თავმჯდომარეობის გარდა, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც შეითავსა.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებითვე, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

როგორც ნიკა მელიამ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება.

ნიკა მელია: გარდაუვალ აუცილებლობად ვთვლი, პარტიამ მნიშვნელოვნად შეცვალოს, როგორც დღის წესრიგი, ასევე შიგთავსი – ახლა, როგორც არასდროს „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთიანი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან და პარტიის გეგმებთან დაკავშირებით რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ისაუბრა.

როგორც ვიცით, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, პოლიტსაბჭოს მოწვევის და შეხვედრის დღევანდელი მიზანი რა იყო? რატომ დადგა ამის საჭიროება და რა სახის გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დღევანდელ სხდომაზე?

„იცით, რომ ძალიან რთული პოლიტიკური წელი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის დაკავშირებული პარტიის ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან ცხადია, აგრეთვე იმ პოლიტიკურ მოვლენებთან, რაც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში არჩევნებთან დაკავშირებით.

ამიტომ, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი იყო, რომ პოლიტიკური საბჭოს წევრები შეხვედროდნენ ერთმანეთს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრებები და ემსჯელათ იმაზე, თუ როგორი გადაჯგუფება შეიძლება იყოს უკეთესი იმ მიზნებისათვის, რაც ჩვენს წინაშე არის. ეს მიზნებია: სტრატეგიული ამოცანები და ასევე არის ჩვენი ტაქტიკური ამოცანები უახლოეს პერიოდში.

ამას ეძღვნებოდა პოლიტიკური საბჭოს სხდომა და როგორც უკვე ცნობილია, პოლიტიკური საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე იქნა არჩეული კობა ნაყოფია, მის მოადგილედ იქნა არჩეული აკაკი მინაშვილი და აღმასრულებელ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი.

და აგრეთვე ნიკა მელიამ აიღო პასუხისმგებლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  ყველაზე დიდ ორგანიზაციაზე, თბილისის ორგანიზაციაზე.

ეს არის ის ცვლილებები, რაც მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ. ასევე რეგიონებში გაგრძელდება გასვლები, შეხვედრები და სხვადასხვა რაიონში შესაძლებელია იყოს გარკვეული ცვლილებები.

საინტერესოა, თავად მიხეილ სააკაშვილი თუ არის საქმის კურსში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც პარტიაში მიმდინარეობს?

დიახ, რა თქმა უნდა. ის სხვადასხვა მოსაზრებები, რაც არსებობდა აი ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით, მისთვის, რა თქმა უნდა არის ცნობილი.

თუმცა, პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება წინასწარ მიხეილ სააკაშვილს ვერ ეცოდინებოდა.

ის ამის შესახებ შეიტყობს, გამოშვებების შედეგად.

მაგრამ ის, რომ გარკვეული საუბრები და კონსულტაციები მიმდინარეობდა ამ მიმართულებით ეს მისთვისაც ცნობილი იყო.

არ მომხდარა რაიმე განსაკუთრებული. იცით, რომ პეტრე ცისკარიშვილი, აკო მინაშვილი, ისევე როგორც კობა ნაყოფია ისედაც იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციებს ჩვენს პარტიაში. ნიკა მელია არის თავმჯდომარე პარტიის და მე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე განსაკუთრებული ცვლილებების მომსწრეები ვართ.

უბრალოდ სხვადასხვა პოზიციებზე ეფექტურობის სხვადასხვა ხარისხის მისაღწევად, გვჭირდებოდა ადამიანების გადაადგილება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საზოგადოებაში, ოპოზიციის მხარდამჭერებში ფიქრობენ, რომ ძალიან ბევრი რამ გაქვთ გამოსასწორებელი, რათა მათთვის მისაღები გახდეს ოპოზიციის ბრძოლა და ტაქტიკა.

ისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის გამოსასწორებელი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან?

დიახ, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელი გახლავთ ის, რომ ის უზარმაზარი ორგანიზმი, რასაც დღეს წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა, ყველა ორგანიზაციაში მოხდეს გარკვეული გადაჯგუფებები, მოხდეს გააზრება იმ ღირებულებათა სისტემის, რომელიც ზოგადად არსებობს და იმ გამოწვევების რაც ჩვენს წინაშე არის.

ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, რაც არის ცხადი სიმბოლო პოლიტიკური დევნისა საქართველოში, ეს არის ცხადზე ცხადი. ის,რომ ამ მდგომარეობას ნაციონალური მოძრაობა არასოდეს არ შეეგუება ესეც ყველასათვის გასაგებია.

ეს გახლავთ მიზანი და ასევე მიზანი არის ის, რომ ჩვენ გავზარდოთ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა.

როგორ აპირებთ ამას ბატონო ნუგზარ და საინტერესოა გეგმავთ თუ არა საპროტესტო მოძრაობის, ქუჩის პროტესტის გაგრძელებას?

ვაპირებთ შეხვედრებით, სხვდასხვა ჯგუფებთან კონსულტაციებით. იმ ხალხის რაოდენობა, ვინც აძლევს ხმას ნაციონალურ მოძრაობას იზრდება წლიდან წლამდე,თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საკმარისია.

საზოგადოებაში იზრდება უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ, იმ მართლაც ისტორიული ფსკერის მიმართ, რასაც წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება და ამიტომ აი ამ ადამიანებთან შეხვედრა, მათი დარწმუნება, რომ მთავარი ევროპული ალტერნატივა დღევანდელი ხელისუფლების არის “ნაციონალური მოძრაობა”, ეს არის პარტიის ყველა ლიდერის უმთავრესი ამოცანა.

შეხვედრები სხვადასხვა ადგილებში, რეგიონებში, თბილისშიც ცხადია, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ასევე ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვა, თბილისის ორგანიზაციის გაძლიერება, შიდაპარტიული მექანიზმები, ესეც არის მეორე ამოცანა.

რაც შეეხება იმას, განვიხილავთ, თუ არა აქციებს ჩვენი ბრძოლის ნაწილად, ცხადია აქციები და საჯარო გამოსვლები არის კონსტიტუციური პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა და რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ ამ აქციებს იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ჩვენი მიზნები,“-აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები