საქართველოში ისე მიგვაჩვიეს ყოველი არჩევნების წინ ფარული აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას, საზოგადოების ნაწილს, რეაქციაც აღარ აქვს. დილის ყავასავით არის, გაიღვიძებ, ყავას მოიდუღებ და გამოქვეყნებულ ჩანაწერებს გაეცნობი, მერე სოციალურ ქსელში დაწერ, რომ რა ცუდია და ამით დამთავრდება – ეს სამწუხარო რეალობა, ფაქტია, ხელისუფლებებმა შექმნეს. მანამდე მუდმივად გვესმოდა, რომ ჩანაწერებს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, ამბობდნენ, რომ ხშირად ძველი მასალა ქვეყნდებოდა, მაგრამ კითხვაზე – რატომ ვრცელდებოდა თუნდაც ძველი ფარული ჩანაწერები „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს, პასუხი არასდროს გვქონდა.

ახლა კი გამოქვეყნდა ფაილები, საიდანაც ირკვევა, რომ თურმე არაფერი შეცვლილა 2012 წლის შემდეგაც და თურმე თითოეულ ჩვენგანს, თქვენგანს უთვალთვალებენ და უსმენენ. ამ თემაზე როცა პოლიტიკურ ექსპერტებს დავურეკეთ, აღმოჩნდა, რომ ისინი კიდევ უფრო მძიმე მასალის გამოქვეყნებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ელიან.

 

 

როგორ ჩაუვარდა ხელში მედიას ფარული ჩანაწერები

 

მედიის წარმომადგენლებმა 3 დღის წინ დაუცველი ვებ-საიტის ბმული მიიღეს, სადაც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული. მათ შორის იყო: ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ასევე ფოტომასალა. ჩანაწერები უმეტესად სასულიერო პირებს ეხებათ. სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობებიამ ყველაფერს, სავარაუდოდ სუს წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

ფაილების ავთენტურობა დადასტურებული არ არის, თუმცა ამ საუბრების მონაწილეები, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები მთელ რიგ საუბრებს სასულიერო პირებთან ადასტურებენ.

ცოტა გვიან, მაგრამ პროკურატურამ გამოძიება მაინც დაიწყო – კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, კერძოდ კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ეს კი გულისმობს – კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

ამ თემაზე განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც და თქვა, რომ ამგვარი ჩანაწერების გავრცელება ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევაა.

 

                                                                     

 

რა ირკვევა ჩანაწერებიდან

 

გავრცელებული ჩანაწერები საკმაოდ მოცულობითია და თუ დადასტურდა, რომ ისინი ავთენტურია, გამოდის, რომ  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლების განმავლობაში ტოტალურად უთვალთვალებს და უსმენს არა მხოლოდ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, და საჯარო მოხელეებს, ასევე მაღალი რანგის სასულიერო პირებსაც. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩანაწერებს ნაწილობრივ ადასტურებენ ჟურნალისტები და პოლიტიკოსების ნაწილი. მედიის წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების კომუნიკაციის დიდი ნაწილი ყოველდღიურ, ნაკლებად მნიშვნელოვან თემებს ეხება – ჟურნალისტები და პროდიუსერები სტუმრებს გადაცემებში ეპატიჟებიან, ათანხმებენ ინტერვიუებს, აზუსტებენ ინფორმაციას. ჩანაწერებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფაილების ის ნაწილი, სადაც სასულიერო პირების, მათ შორის მაღალი იერარქების პოლიტიკურ განწყობებსა და სექსუალურ ორიენტაციასა თუ კავშირებზეა საუბარი.  

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ჩანაწერები, როგორც ჩანს, წლების განმავლობაში გროვდებოდა. თუ მათი ავთენტურობა დადასტურდა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – ქართული ოცნებახელისუფლებაში მოსვლის პირველი წლებიდანვე უთვალთვალებს და აგროვებს კომპრომატებს საპატრიარქოს წევრებსა და სასულიერო პირებზე.

 

 

ვის აწყობდა ჩანაწერების გამოქვეყნება  – ექსპერტის მოსაზრება   

 

არჩევნებამდე სულ რაღაც ორი კვირა რჩება და ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ახლა, ამ დროს ვის სჭირდებოდა ამ მასალის გამოქვეყნება.

„ფორტუნა“ პოლიტიკის ექსპერტს – ხათუნა ლაგაზიძეს დაუკავშირდა, რომელიც ორ ვერსიას განიხილავს.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ ამ ყველაფერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სრული მორღვევა აჩვენა. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ქვეყანას არ ჰქონდა არც უსაფრთხოების კონცეფცია, არც საფრთხეების, რისკების შეფასების დოკუმენტი და ახლა, ამის შედეგი ვიხილეთ. აქ ორი პრობლემაა: ერთი – ჩაწერები და ამისი გამოყენება და მეორე – ამ ყველაფრის გარეთ გამოტანა.

საინტერესოა ისიც, რომ „ქართული ოცნებიდან“ ძალოვანი ისე არ წამოსულა, რომ საიდუმლო დოკუმენტები არ გამოეტანა. ეს ის ხალხია, ვინც ამ ყველაფერს სიბინძურეებს ქმნიდა, წამოვიდა და წამოიღო როგორც ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი იარაღი. ესეც კიდევ ერთი ნიშანია, რომ უსაფრთხოების სისტემა მოშლილია“, – ამბობს ლაგაზიძე.

რაც შეეხება „ფორტუნას“ კითხვას, ვის აწყობდა ასეთი ჩანაწერების გამოქვეყნება, პოლიტიკის ექსპერტი გვპასუხობს:

„აქ შეიძლება ორი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია განვიხილოთ. ერთი – ხელისუფლებამ გამოაგდო და ამით ეკლესიის მსახურებს აჩვენა, რომ ამის მიღმა შეიძლება გაცილებით მძიმე რაღაცები იმალებოდეს და არც კი იფიქროთ, რომ ჩვენ მიმართ ლოიალობას გადაუხვიოთ, თუმცა ამას უფრო გამოვრიცხავ. „ქართული ოცნების“ მომხრეებისთვისაც კი, რომლებიც ბევრ სიბინძურეზე თვალს ხუჭავენ, მათთვისაც კი ეს თემა ყველაფერზე მაღლა დგას. ამის „გამოგდება“ ხელისუფლებას არ აწყობდა. მეორე ვერსია კი ასეთია – ვინც გამოიტანა, მას ალბათ სჭირდება, რომ  „ოცნების“ ამომრჩეველმა დაინახოს – ეს პარტია მათთვისაც საფრთხეა.

 ეს ფონი კიდევ უფრო დამძიმდება. ამან ისეთი როლი მაინც ვერ ითამაშა, როგორც ციხის კადრებმა 2012 წელს. საზოგადოებაზე ზემოქმედებისთვის უფრო მეტი ემოციური ზეწოლაა საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, ემოციური ფონის პიკისთვის მსგავსი ტიპის ჩანაწერები, თან კიდევ უფრო მძიმე – კიდევ იქნება“, – ამბობს პოლიტიკის ექსპერტი.

 ამ ეტაპზე მედიის წარმომადგენლების მიერ ფაილების მხოლოდ მცირე ნაწილია გაშიფრული და სავარაუდოდ, ეტაპობრივად, ახალ–ახალი მასალები გამოქვეყნდება.

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები