პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ, 7 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე დეპოლარიზაციაზე ისაუბრებენ. შალვა პაპუაშვილის თქმით, აქვთ გაწერილი კონკრეტული გრაფიკი, რის მიხედვითაც სურთ, პრიორიტეტების შესრულება.

“ხვალ იქნება საპროცედურო კომიტეტის სხდომა, რომელიც შეეხება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის გაძლიერების საკითხებს”,- თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციის ნაწილი არ უერთდება 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში თანამშრომლობას, რაც პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პოლარიზაციას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს.

„ისინი შეთანხმებას კი არ გვთავაზობენ, დათანხმებას გვთავაზობენ, რაც არის ულტიმატუმით საუბარი და ეწინააღმდეგება მთლიანად არსს, მათ შორის ამ რეკომენდაციების, რომ იყოს ინკლუზიური პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დაგეგმილ შეხვედრაში “სტრატეგია აღმაშენებელი” არც ერთ შემთხვევაში მონაწილეობას არ მიიღებს.

“პარლამენტის თავმჯდომარე არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული რეჟიმის უუფლებო ჭანჭიკი, რომელსაც არანაირი სიტყვა არ ეთქმის”, – ამბობს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე.

მისივე თქმით, პროცესის იმიტაციის შესაძლებლობას არ შექმნიან. ვაშაძის განცხადებით, მარიონეტულ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია და ერთადერთ გამონაკლისს დაუშვებენ რიგგარეშე სესიასთან დაკავშირებით, რომლის მოწვევას ხელს მოაწერენ.

” სტრატეგია აღმაშენებელი” ინტენსიურად ვმუშაობთ სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან საერთო სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელსაც მომავალში ნამდვილად გაგაცნობთ და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, დეკემბერში კანდიდატის სტატუსს საქართველო მიიღებს და ამის გარანტია არის მოსახლეობის ის 90 პროცენტი, რომელიც გულწრფელად იბრძვის ევროპული პერსპექტივისთვის,”- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ გამოსავალი არის “მშვიდობიანი და ზემწვავე პროტესტი”, რომელიც მსოფლიოს უნდა დაანახვონ და “სტრატეგია აღმაშენებელი” მზად არის, რომ ამ პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ენმ-ს  ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების პროცესზე ხელისუფლების წარმომადგენლებთან „გარკვეული საუბრები აქვს“.

“გეგმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა, შეუსრულებელია, მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვის მცდელობაა და შედეგი ვერ ექნება – ჩვენ კონკრეტული გეგმით, კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალით მივალთ ხელისუფლების წარმომადგენლებთან”,- ამბობს წიკლაური და დასძენს, რომ თუ ოპოზიციის გეგმაზე ხელისუფლება უარს განაცხადებს, ნათელი გახდება, რომ „ქართული ოცნების“ ამოცანა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რაღაც რუტინულ პროცესში შეთრევა და არა რეალური ნაბიჯების გადადგმაა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დასწრებას აპირებს გიორგი გახარიას პარტია. როგორც პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ცალკე პროცესის შექმნა მიზანშეწონილი არ იქნება, თუ “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული პროცესი შინაარსზე იქნება ორიენტირებული.

„თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი შინაარსისგან დაცლილი და პროცესი-პროცესისთვის იქნება, ამ შემთხვევაში, მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ყველა პარტიის ინტერესი უნდა იყოს ქვეყნისთვის სტატუსის მიღება. თუ ეს პროცესი სტატუსის მიღებაზე იქნება ორიენტირებული, მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. თუ შეხვედრებზე ვნახავთ, რომ სასამართლოში გავლენიანი ჯგუფების არსებობაზე საუბარი არ იქნება, დეოლიგარქიზაცია ყველას შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარდა და კოსმეტიკური ცვლილებები იქნება, მაშინ მასში მონაწილეობას არ მივიღებთ. რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” ლეგიტიმატორები არ გავხდებით და ფარსში მონაწილეობას არ მივიღებთ,”- განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა დღეს პარტიის სახელით წაიკითხა განცხადება და განაცხადა:

„მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მივაღწიოთ პოლარიზაციის შემცირებას და რეალური რეფორმების გატარების გზით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას“.

მეზვრიშვილის თანახმად, „დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით – კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც, მათ შორის, არის რუსთაველზე გამოსული ათიათასობით მოქალაქის მიზანი“.

 „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზეც მივა და ამასთან, აპირებს დეპოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფში მონაწილეობასაც და ოპოზიციის შეხვედრებსაც დაესწრება, ვიდრე კოლეგები „გამოაგდებენ“.

“სადაც შემიშვებენ, ყველგან მივიღებ მონაწილეობას იქამდე, სანამ იქიდან გამომაგდებენ ჩემი ხასიათების გამო”, – ამბობს იაგო ხვიჩია.

ქუჩაში მიტინგები დემოკრატიისთვის კბილის გახეხვასავით აუცილებელი ნაწილია – ანა დოლიძე

“ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრა უნდა გაიმართოს არა ცალკე აღებულ ერთ რომელიმე პუნქტზე, არამედ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია პარლამენტის დღის წესრიგი იმისათვის, რომ ევროკომისიის მოთხოვნები შეასრულოს. უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ ასეთი გეგმა რამდენიმე დღეში მზად ექნებათ.

„საქმიანი საუბრებისთვის ჩვენ ყველასთან მზად ვართ და ვიქნებით. საქმიანი საუბარი კონკრეტულად პარლამენტის კედლებში ჩვენი ღრმა რწმენით, უნდა ეხებოდეს არა რომელიმე ერთ პუნქტზე საუბარს, არამედ სამოქმედო გეგმას, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარლამენტმა.

ჩვენი ღრმა რწმენით, ამას სჭირდება რიგგარეშე სესია, ამ დღეებში ჩვენ გვქონდა საინტერესო კონსულტაციები ამ სფეროებში ექსპერტებთან, უახლოეს ხანებში გვექნება მათთანაც შეჯერებული სამოქმედო გეგმა.

სხვადასხვა პარტიასაც აქვთ ძალიან საინტერესო წინადადებები და ჩვენ მგონი, მზად ვიქნებით, ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდეთ და ჩვენი პოზიციები გავუზიაროთ, რა უნდა გააკეთოს პარლამენტმა პირველ რიგში, მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილებები რაც დევს ხელის გულზე პირველი მოსმენით მიღებული,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტის კომიტეტების ფარგლებში რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შექმნას გეგმავს. სამუშაო ჯგუფი შეიქმნება მათ შორის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე მუშაობის მიზნით. ასევე, დაკომპლექტდება მონიტორინგის ჯგუფი დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები