პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციამ ძალიან სუსტი გადაწყვეტილება მიიღო, როცა თავი აარიდა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ფართო კონსენსუსით დამტკიცებას.

მისი განცხადებით, „ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“.

თალაკვაძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს.

ოპოზიციამ ძალიან სუსტი და ვფიქრობ, გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ სათანადოდ არ ჩაერთო განხილვებში და კენჭისყრაში და მეორე, თავი აარიდა რეალურად რაც შეიძლება ფართო კონსენსუსით ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას. ამავე დროს ჩვენ ოპოზიციონერების განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, რომ კანდიდატი დიახ, არის კვალიფიციური, დიახ გამოცდილია, მას აქვს საარჩევნო პროცესებში მუშაობის გამოცდილება და პოზიტიურ შეფასებებს აძლევენ კანდიდატს, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ მხარს არ დაუჭერენ მას – ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან იქნება გარანტირებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები