3 მაისს რადიო „არ დაიდარდოს“ დილის სტუმარი მომღერალი ნინი წიკლაური გახლდათ, რომელმაც თავის ამერიკულ ცხოვრებაზე, კარიერასა და საქმიანობაზე ისაუბრა.

ნინი წიკლაური:

ძალიან მომენატრეთ. კარგად ვარ, უკვე ბედნიერი ვარ, რადგან საქართველოში ვარ.

რამდენი ხნით ხარ ჩამოსული საქართველოში?

დაახლოებით თვე-ნახევარი, 2 თვე გავჩერდები კიდევ, ბავშვებმა თუ დამაცადეს. ჩემთვის კი სახლია, ნაცნობია და ახლოა ეს ყველაფერი, მაგრამ მათთვის მაინც უცხო გარემოა, შესაბამისად, პატარა ბრძოლები გვაქვს.

შოუბიზნესის ორომტრიალიდან პირდაპირ ოჯახურ ცხოვრებაში გადაეშვი. როგორია შენთვის დედის ამპლუა?

სხვათა შორის, კარგი მეოჯახე გოგო გამოვდექი. ოჯახის საქმეებთან შეხება არასდროს მქონია, ბებოსთან და დედასთან ვინც ცხოვრობს, ყველა დამეთანხმება, რომ საქმეები ძირითადად მათზეა გადანაწილებული. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, სულ გარეთ ვიყავი, გადაღებებზე, კონცერტებზე, ფაქტობრივად, გარეთ ვცხოვრობდი და გარეთ ვჭამდი. მადლობა ღმერთს, რომ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ვმოღვაწეობდი, ძალიან ბევრი კონცერტი გვქონდა და შესაბამისად, არ იყო იმის დრო, სახლში დავმჯდარიყავი. ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა მას შემდეგ, რაც ამერიკაში გადავედი, ჯერ ერთი, მერე მეორე ბავშვი შემეძინა. როდესაც ამერიკაში წავედი, საქართველოში დავტოვე ყველაფერი, რაც დიდი გულით და შრომით ვაკეთე, რაღაც პერიოდი „გავყინე“, ეს პერიოდი კი 6 წელი აღმოჩნდა. საქართველოში 6 წლის შემდეგ ჩამოვედი, ეს წლები ძალიან სწრაფად გაიქცა, რადგან რთული იყო ყველაფრის თავიდან დაწყება, მით უმეტეს, ბავშვებთან ერთად. სულ აღვნიშნავ, რომ მე, საბა და ილია ერთად გავიზარდეთ, რადგან ერთად დავიწყეთ იქ ცხოვრება, იქ გავიარეთ დედა-შვილური ურთიერთობის პირველი ეტაპები და ეს არ არის ადვილად გასახსენებელი.

დარწმუნებული ვარ, თემო ძალიან გეხმარება.

თემო იდეალური მეუღლე და იდეალური მამა აღმოჩნდა. ჩვენი შეუღლებიდან მალევე წავედით ამერიკაში და ჩემი და თემოს ოჯახური „დებიუტიც“, ფაქტობრივად, იქ შედგა, იქ დავიწყეთ ერთად ცხოვრება და ერთად შევეჭიდეთ ამ „უღელს“. დღეს უკვე თამამად შემიძლია მივიღო სტუმარი, თავად გავუმასპინძლდე სხვებს, როცა რამდენიმე წლის წინ ეს არ შემეძლო და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა. რაც მთავარია, ამერიკაშიც ჩემს საქმეს ვაკეთებ, ჩემს სფეროში ვმუშაობ, ძალიან გამიმართლა.

შენი აქაური კარიერა და წარმატებები ყველამ კარგად ვიცით. მოგვიყევი, რა ხდება ამ მხრივ ამერიკაში.

თავიდან, რომ წავედი, ძალიან დიდ დეპრესიას ვებრძოდი, რადგან მენატრებოდა მოწესრიგებულად ყოფნა, სიმღერა, მიკროფონი, სცენა, გულის აჩქარება სცენაზე გამოსვლისას. ძალიან გამიმართლა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ ემიგრაციამ „ხელგაშლილმა“ მიმიღო, ჩამაბეს ყველა სახის ღონისძიებაში,  იქნებოდა ეს მიღება, პირიქით სტუმრობა თუ ცალკეული საღამოები. ძალიან დამეხმარა საქართველოს საკონსულო, უამრავი მიღება აქვთ და ფაქტობრივად, ეს ყველაფერი მე გადმომაბარეს და როცა ჰყავთ სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მინისტრები თუ ა.შ. ყველგან, აბსოლუტურად ყველა ღონისძიებაზე ვასრულებ საქართველოს და ამერიკის ჰიმნებს. გარდა ამისა, ჩამაბეს უამრავ დაჯილდოებაში. ამერიკაშიც ქართულ მუსიკას ვაკეთებ, თავიდანვე ეს ხაზი დავიკავე, ვთქვი, რომ მე ვარ ქართველი და მოდი, ქართულ მუსიკას გავაკეთებ, იქნებ, მათ ქართული მუსიკა უფრო მოეწონოთ ჩემი შესრულებით, ვიდრე ინგლისური. ინგლისურენოვან სიმღერებს ისე ასრულებენ ამერიკელები, რომ მსგავსად შეუძლებელია, თუნდაც იდეალური ინგლისურით ვსაუბრობდე, მათთვის მე მაინც აქცენტი მექნება. ჩვენთვისაც ხომ ასეა, რაც უნდა კარგად ასრულებდეს უცხოელი შემსრულებელი ქართულ სიმღერას, ჩვენთვის მაინც აქცენტი აქვს, შეიძლება, ვიღაცას გაეღიმოს კიდეც მის შესრულებაზე. ვატარებ ქართული მუსიკის საღამოებს, სადაც ვასრულებ ვაჟა აზარაშვილის, გია ყანჩელის და ა.შ. ნაწარმოებებს. სიმღერებს ჩემებურად ვაკეთებ, რომ ამერიკელებისთვის რთული მოსასმენი არ იყოს. ძალიან ბევრჯერ უთქვამთ, რომ მართალია, არ ესმით ჩემი ენა, მაგრამ ესმით და ხვდებიან, რაზე ვმღერი, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი გამარჯვებაა.

გარდა კონცერტების და საღამოებისა, ვიცი, რომ ჩვენებებშიც მონაწილეობ და პატარა ქართველებსაც უზიარებ შენს მუსიკალურ გამოცდილებას.

კი, ვმონაწილეობ ჩვენებებსა და დაჯილდოებებში. პედაგოგიური მუსიკალური განათლება მაქვს და ამერიკაში რომ წავედი, რა თქმა უნდა, მოვხიკე ეს ჩემი დიპლომები და ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთები და წავიღე თან. დავიცავი დიპლომი, რომ ბავშვებთან მუშაობის ლიცენზია მქონოდა. ამერიკაში სხვა წესები და კანონებია, თუ ლიცენზირებული პედაგოგი არ ხარ, ძალიან რთულია, რომ ფართო მასშტაბის პედაგოგი გახდე. თუ ბავშვებს სახლში ამეცადინებ, ეს სხვა საკითხია და უამრავი ადამიანი იქცევა ასე, მაგრამ თუ გინდა, რომ ოფიციალურად გქონდეს შენი სტუდია, ოფიციალურად გერქვას პედაგოგი, მაშინ იქაურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდე. გავიარე ყველანაირი კურსი, რომ ჩემი დიპლომი, ჩემი პედაგოგიური განათლება ეღიარებინათ და მოეცათ უფლება, ქართველ თუ სხვა წარმომავლობის ბავშვებთან მუშაობის. დღესდღეობით ქართული კულტურის ცენტრ „ფესვებთან“ არსებულ ვოკალურ სტუდიაში ვმუშაობ, სადაც სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. თამამად და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ნიუ-იორკში ყველაზე მეტი ბავშვი ჩემს სტუდიაში ირიცხება, ყველაზე დიდი ჯგუფი მყავს. ბავშვების ნახევარი ქართული წარმომავლობისაა, ჯგუფში არიან სხვადასხვა ეროვნების ბავშვებიც. ბავშვებთანაც მხოლოდ ქართულ მუსიკაზე ვმუშაობ და ისე მოსწონთ, რომ მე თვითონ ვოცდები. ქართული მუსიკის სწავლება გადავწყვიტე, რადგან დღესდღეობით იმდენად გაიოლდა „იუთუბიდან“ ყველაფრის სწავლა, რომ უბრალოდ, არ დავჭირდები მას, ვისაც, თუნდაც დუა ლიპას სიმღერის სწავლა მოუნდება, ამას თავადაც მარტივად გააკეთებს. რაც შეეხება ქართულ მუსიკას, ამას პედაგოგის გარეშე ვერ ისწავლიან.

შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოს პოპულარიზაციასაც ეწევი ამერიკაში.

რეალურად ასეა. მაგალითად, როდესაც გია ყანჩელის სიმღერას ვასწავლი ბავშვებს, ვუყვები, ვინ იყო გია ყანჩელი, რა დაწერა, როდის მოღვაწეობდა და ა.შ. სიმღერასთან ერთად, ისტორიასაც ვაცნობ მათ. სხვათა შორის, უკვე არაერთი დიპლომი გადმომცეს იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაში ქართულ საქმეს ვაკეთებ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ შრომას მიფასებენ. მნიშვნელოვანია, ვაკეთოთ ჩვენი საქმე, სადაც უნდა ვიყოთ.

ამერიკაში ბევრი ადამიანი უბრალოდ გაჭირვების გამო მიდის, ბევრი კი „ამერიკული ოცნების“ ასასრულებლად. რამდენად რეალურია „ამერიკული ოცნება“ ?

„ამერიკულ ოცნებას“ აიხდენს, თუ ძალიან ბევრს იშრომებს, ეს ოცნებები მართლა ხდება ამ ქვეყანაში. ამ წუთას თუ ვინმე ფიქრობს, გარისკოს თუ არა წასვლა, ვეტყვი, რომ გარისკოს. ეს ქვეყანა ყველანაირ შრომას დაგიფასებთ და თქვენი ოცნებებისა და მიზნების ასრულებაში ხელს შეგიწყობთ.

უნდა ველოდოთ ახალ სიმღერას?

ისე არ მინდა ამერიკაში დაბრუნება, რომ ახალი სიმღერა არ დავტოვო.

ფოტო: ნინი წიკლაური წლების შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა – ემოციური შეხვედრა ბებიასთან

 

მსგავსი თემები