ბავშვთა ნახატების კონკურსზე “ოცნება შავ ზღვაზე” ქართველმა და უკრაინელმა ბავშვებმა 130-ზე მეტი ნახატი წარადგინეს.

გაეროს განვითარების პროგრამის ინფორმაციით, კონკურსი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) რეგიონული ინიციატივის EU4EMBLAS ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში ხორციელდება და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება.

კონკურსისთვის შექმნილი ნახატების მეშვეობით, ბავშვებმა შავი ზღვის საკუთარი ხედვა და მომავლის მოლოდინები და იმედები გადმოსცეს.

“უკრაინის ომის თემა მწვავედ აისახა როგორც ქართველი, ისე უკრაინელი ბავშვების შემოქმედებაში. უკრაინელი ბავშვები ხატავდნენ ომის შედეგად დაცარიელებულ სანაპიროს, სადაც ზღვაში ცურვა აკრძალულია ნაღმების საფრთხის გამო. მათ ასევე გადმოსცეს თავისი იმედი მშვიდობიანი და უსაფრთხო ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლების მიმართ და თავისი ნახატებით მეგობრობის გზავნილი გადასცეს.

“ზღვა. სიცოცხლე. მშვიდობა.”, „არა ომს!“, „გიგზავნი სიყვარულს, მშვიდობას და ღიმილს“, „ზღვა აგვიხდენს ოცნებებს“ – ამ ემოციური წარწერებით პატარა მხატვრებმა კიდევ უფრო გააძლიერეს მათი ნახატების ვიზუალური შინაარსი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც გაეროს განვითარების ფონდში აღნიშნავენ, ზღვის ბიომრავალფეროვნების დაცვა და ფაქიზი ეკოსისტემის შენარჩუნება კიდევ ერთი თემაა, რომელიც კონკურსის შედეგად გამოვლინდა.

“ბავშვების შემოქმედებამ აჩვენა, რომ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში, ახალგაზრდები ზრუნავენ ზღვის გარემოზე, ფიქრობენ მისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე და უნდათ, რომ მათი ზღვა ჯანსაღი და სუფთა იყოს.

ბევრ ნახატზე გადმოცემულია შავი ზღვის ბინადართა მრავალფეროვნება და ადამიანისა და ზღვის მცხოვრებელთა ჰარმონიული და მშვიდობიანი თანაცხოვრება.

დელფინები და ადამიანები ერთად ცურავენ, თამაშობენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებზეც კი უკრავენ.

EU4EMBLAS-ის გუნდმა უკვე გამოავლინა ათი გამარჯვებული ნახატი (ხუთი საქართველოდან და ხუთი უკრაინიდან), რომელთა ნახვა შესაძლებელია პროექტის ვებგვერდზე: https://emblasproject.org/

ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული პროექტი „ევროკავშირი შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესებისთვის“ (EU4EMBLAS) 2014 წლიდან ხორციელდება. ამჟამად ამ რეგიონული ინიციატივის მე-4 ფაზა მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის მთავრობებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას ემსახურება. პროექტის მიმდინარე მეოთხე ფაზა მიზნად ისახავს მონიტორინგის მხრივ არსებული შესაძლებლობების გაღრმავებას და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირის სტანდარტებისა და დირექტივების, მათ შორის, ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივისა (MSFD) და წყლის ჩარჩო დირექტივისა (WDF) შესაბამისად”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები