ევროკავშირის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ შეძლო ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარე პარლამენტის ტოქსიკური ბოიკოტის დასრულება.

“პოლიტიკურ ასპარეზზე იმედის ნაპერწკალი 19 აპრილის შეთანხმებაში დავინახე, რომელსაც თითქოს უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი და საქართველო ევროპულ გზაზე დაებრუნებინა.” – განაცხადა ჰარცელმა.

მისი თქმით, მას შემდეგ ბევრი შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული. კარლ ჰარცელი ფიქრობს, რომ ბოლო არჩევნები არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ეგზისტენციალური მოვლენა იყო.

“ჩემთვის, ბოლო არჩევნების მთავარი გმირები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მივიდნენ არჩევნები იმისთვის, რომ მათი ხმა გაგებული ყოფილიყო. მიუხედავად აგრესიული საარჩევნო კამპანიისა და დაფიქსირებული ხარვეზებისა.” – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ჰარცელის განცხადებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უარი, მაშინვე მოეწერა ხელი შეთანხმებაზე, იყო შეცდომა და კიდევ უფრო დიდი შეცდომა მმართველი პარტიის შეთანხმებიდან გასვლა იყო.

“მინდა ყველას შევახსენო, რომ სხვადასხვა დროს, პარლამენტის 150 წევრიდან 147–მა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა. ამაზე მეტი კონსენსუსი რაღა უნდა იყოს. იგივე შეეხება 2%–იან ბარიერს შემდგომი არჩევნებისთვის, რაც ასევე 19 აპრილის შეთანხმებითაა გათვალისწინებული; აქაც, პარლამენტის 126–მა წევრმა სხვადასხვა პარტიიდან მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას და ეს სულ რაღაც სამი თვის წინ მოხდა, დაპირისპირების ფონზე მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს. ასეთი მოვლენები იმდენად იშვიათია, რომ მათ ალბათ მეტი გაფრთხილება და შემდგომი ხელშეწყობა სჭირდება და არა უარის თქმა, თან ასე იოლად”, – განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელმა კიდევ ერთხელ შეაფასა საქართველოში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემდგომ განვითარებული პროცესები და აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა დიდი გავლენა იქონია პოლიტიკურ ნარატივზე, რაც განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურთან მიმართებაში დავინახეთ.

“სააკაშვილის ჩამოსვლისა და დაკავებისთანავე ევროკავშირის მხრიდან ყურადღება იმაზე იყო გამახვილებული, რომ უზრუნველყოფილიყო მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვა” – აცხადებს ელჩი.

კარლ ჰარცელის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში მასზე დიდი შთაბეჭდილება პრემიერ-მინისტრის სამედიცინო საბჭოს მუშაობამ მოახდინა. მისი თქმით საბჭოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებიტ ძალიან კარგი შეფასებები და რჩევები ჰქონდა.

ევროკავშირის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა ომბუდსმენისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, რომლებმაც თავიანთი მანდატების ფარგლებში ამ პროცესის მართვაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს

“ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ინსტიტუტების არსებობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშრის ელჩმა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სამიტი განსაზღვრავს საერთო მიმართულებას პარტნიორობის კუთხით

“ვფიქრობ, დიდი ძალისხმევა ჩაიდება საერთო მიზნების შეთანხმებაში, რაც პოსტპანდემიურ სიტუაციასთან გამკლავებას ითვალისწინებს,- განაცხადა ჰარცელმა.

მისივე განმარტებით, სამიტზე მთავარი ყურადღება დაეთმობა კანონის უზენაესობას, ეკონომიკას, გარემოს დაცვას, ციფრულ ფორმატებზე გადასვლას და სამართლიან, ინკლუზიურ საზოგადოებაზე ზრუნვას.

„საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის არსებული “ტრიოს“ ინიციატივის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით იქნება წინსვლა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. და, რა თქმა უნდა, სამიტის მსვლელობისას ორმხრივი შეხვედრებიც იქნება შესაძლებელი. ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა განიხილოს, როგორც სამომავლო გეგმები, ისე გამოწვევები და პრობლემები,“- განაცხადა ჰარცელმა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, გადაჭარბებული არ იქნება შეფასება, რომ მიმდინარე წელი მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე და რთული იყო.

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები