მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების 2021 წლის ანგარიშთან დაკავშირებით გამართეს.

მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ანგარიშში მოხვდა ყველა ის მიმართულება, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში გაუარესდა. 

„ჩვენი გუნდის მისამართით ხელისუფლება ავლენდა და ავლენს უპრეცედენტო დევნასა და ზეწოლას. გაგახსენებთ მაგალითად აკაკი ბართაიას საქმეს, მალხაზ თორიას და მისი არასრულწლოვანი შვილის მიმართ ჩადენილ, დღემდე გამოუძიებელ ძალადობას, წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატ გელა აბულაძის უკანონო პატიმრობას, ასეულობით ადამიანის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და ა.შ. ამ ყველაფრის დადასტურებაა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ბესარიონ ბენდელიანის საქმე, კერძოდ:

2021 წლის 25 აგვისტოს პარტია „საქართველოსთვის“ ცაგერის მერობის კანდიდატის, ბესარიონ ბენდელიანის ავტომობილის დაცხრილვის ფაქტი მასზე პოლიტიკური შურისძიების მიზნით. ეს საქმე დღემდე გამოუძიებელია,” – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისივე თქმით, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე, ასევე კორუფციის თემაზე.

„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს კორუფციის თემაზე და მითითებას აკეთებს ჩვენი გუნდის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომ „ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტეა, ხოლო როცა სახელმწიფო ინსტიტუტები სუსტია, კორუფცია და ნეპოტიზმი დიდ პრობლემას წარმოადგენს.“

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მწვავე პრობლემებზე, მაგალითად, დაუსჯელობის სინდრომზე რაც მკვეთრად გამოიხატა 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებით. ამავე კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული სასამართლო სისტემაზე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ქვეყანაში. კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა ამისა, ანგარიშში მრავლადაა საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენის ჯგუფებზე,” – განაცხადა დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის” მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაიწყოს რეალური რეფორმები, ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მსგავსი შეფასებები შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენი გუნდი, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მზად ვართ ყველანაირი ვიწროპარტიული ინტერესი გადავდოთ გვერდით და დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წავიყვანოთ სწორად, ეფექტურად და სწრაფად”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები