პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე..“ – რა თქვა ევროპარლამენტარმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, ისინი მოუწოდებენ როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად ერთად იმუშაონ:

“ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ახლა საქმე ეხება კითხვას, როგორ შეიძლება საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიამ შეადგინა დასკვნა, სადაც შემოთავაზებულია 12 რეკომენდაცია. ახლა საუბარია საქართველოს მიერ ამ 12 რეკომენდაციას შესასრულებლად მუშაობაზე.

ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი გზავნილი არის ის, რომ მოვუწოდებთ ყველა ქართველ პოლიტიკოსს, მთავრობას, მმართველ პარტიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომ იმუშაონ ერთად ამ 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად და შეეცადოს, რომ ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ჰქონდეთ და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ.

“მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას… მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგ-პონგიც” – რას აცხადებს პრეზიდენტი ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ

როგორც კიდევ ერთმა ევროპარლამენტარმა სვენ მიქსერმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი კარგად კოორდინირებული იქნება.

“ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიო ვიყავით. როგორც ჩანს, მმართველ პარტიას გააჩნია გეგმა, ასევე ოპოზიციურ პარტიას გააჩნია გეგმა და სავარაუდოდ ერთზე მეტი. არასამთავრობოებს აქვთ მოსაზრებები, თუ როგორ უნდა იმუშაონ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება კარგად კოორდინირებული პროცედურა და ყველა პოლიტიკურ ინსტიტუტს ამაში თავისი როლი გააჩნია.

ვფიქრობ, პრეზიდენტს, პარლამენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გააჩნიათ როლი, მაგრამ მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური და ტექნიკური პროცესი. არის გარკვეული საკითხები, რომელთა გამოც რთულია პროგრესის გაზომვა, მაგრამ შესაძლებელია მისი შეფასება. ერთ-ერთია დეპოლარიზება და ეს გულისხმობს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური”, – აღნიშნა მიქსერმა.

მიქსერმა დეოლიგარქიზაციის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს თემა უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი:

“რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც სისტემური საკითხი. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს ისე, რომ იყოს გამჭვირვალე და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, ჯგუფს, არ აძლევდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალებას. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით კი, აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმება:

“პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება. მაგალითად, შარლ მიშელის შეთანხმება, რაც სამომავლო ურთიერთობის საკითხია. ჩვენ, ევროპარლამენტი თქვენი ძალიან დიდი მხარდამჭერი ინსტიტუტი ვართ, ჩვენ გვინდა თქვენი დახმარება და არა ომში ჩართვა”, – აღნიშნა კრამონმა.

შეგახსენებთ, საქართველოში მყოფ ევროპარლამენტართა დელეგაციის წევრები არიან დევიდ მაკალისტერი, ვიოლა ფონ კრამონი, სვენ მიქსერი, ზელიანა ზოვკო, ასიტა კანკო და ტიერი მარიანი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები