თანამედროვე ისტორიის უმძიმეს ომში, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 200 დღის წინ დაიწყო, პირველი რეალური გარდატეხის ნიშნები გაჩნდა. ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო მედია და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ღიად საუბრობენ უკრაინული ძალების წარმატებაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზაში შედის. უკრაინულმა ძალებმა დონბასში შეძლეს მოსკოვის თავდასხმის შეჩერება, რუსებისთვის ზურგში დარტყმა და ტერიტორიების დაბრუნება“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

სამხედრო პირები და ექსპერტები კი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე ომზე ინფორმაციას და ანალიზს დღეში რამდენჯერმე აახლებენ და წერენ, რომ უკრაინის კონტრშეტევები წარმატებულია.

უფრო და უფრო მეტი თავდაჯერებულობა და საკუთარი პირობების წამოყენება ჩანს პრეზიდენტ ზელენსკის ყველა გამოსვლაში, რუსული მხარე კი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომაზე ალაპარაკდა.

რას ნიშნავს უკრაინის სამხედრო ძალების წარმატება, ეს არის ტაქტიკური სვლა თუ დიდი ხნის წინ დაგეგმილი სტრატეგიული ნაბიჯები, კონკრეტულად რომელ ოლქებში რა ტიპის სამხედრო მიღწევები აქვს უკრაინულ მხარეს, შეიძლება თუ არა ეს რუსეთ-უკრაინის ომის გარდამტეხ ეპიზოდად ჩაითვალოს, არის თუ არა დღეს მკვეთრად გამოკვეთილი უკრაინელების უპირატესობა და როდემდე გაგრძელდება ომი – ამ კითხვებით ჩვენ სამხედრო სპეციალისტებს მივმართეთ.

 

 

უკრაინელების წარმატებული კვირა ომის ველზე

 

ბოლო რამდენიმე დღეა ერთი მეორის მიყოლებით ვიგებთ ინფორმაციას ხარკოვის ოლქში უკრაინელი სამხედროების წარმატებულ კონტრშეტევებსა და გათავისუფლებულ ქალაქებზე, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ აღმართეს ჯარისკაცებმა უკრაინის დროშა გამარჯვებების შემდეგ, როგორ გარბის მტერი და ადგილზე ტოვებს საბრძოლო ტექნიკას. საბოლოოდ კი უკრაინულმა მედიამ ადგილობრივი შეიარაღებული ძალების ჯარისკაცზე დაყრდნობით დაწერა, რომ უკრაინელები ხარკოვის რეგიონში საზღვარს სრულად აკონტროლებენ. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა  ოლეგ სინებუგოვმა ისიც თქვა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა საერთო ჯამში ხარკოვის რეგიონში უკვე 40-მდე დასახლება გაათავისუფლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ხერსონის ოლქის ნაწილსაც ტოვებენ. მათვე ცნობით, რუსები გაიქცნენ ლუგანსკის ოლქის ზოგიერთი ქალაქიდან.

გავრცელდა ცნობები დეოკუპირებულ ბალაკლეადან, სადაც სარდაფში რუსების მიერ მოწყობილი წამების ოთახი აღმოაჩინეს.

ინფორმაცია “ფეისბუქზე” უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა მარიანა ბეზუგლამ გაავრცელა. მან შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა.

“ბალაკლეა. სააღსრულებო ოთახი. სარდაფი. ინსტრუქციები “უკრაინული ნაციზმის” შესახებ კედლებზეა გაკრული, იქვე – სკამი ჩაქუჩით, ლენტით და გამოყენებული ხელთათმანები. მოპირდაპირედ – საკნები. მეორე ოთახში – ნაკაწრები და სისხლის კვალი”, – წერს ბეზუგლა და აღნიშნავს, რომ ამჟამად ამ ადგილას უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ.

ამ დროისთვის უკრაინელების მხრიდან კონტრშეტევები ისევ გრძელდება. მთავარი ეპიცენტრი კვლავ ხარკოვია, ბრძოლები მიმდინარეობს სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში.

 

რა სტრატეგია შეიმუშავა უკრაინამ

 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტმა გამოაქვეყნა შეფასება, სადაც პირდაპირაა ნათქვამი, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსეთს დიდი ოპერატიული მარცხი მიაყენეს და სწრაფი კონტრშეტევის შედეგად თითქმის მთელი ხარკოვის ოლქი დაიბრუნეს.

რამ განაპირობა უკრაინელების ასეთი წარმატება – ამ კითხვასაც პასუხობს ორგანიზაცია და წერს, რომ წარმატება გამოწვეული იყო იმ კამპანიის შედეგად, რომელიც დასავლური იარაღის მაქსიმალურად გამოყენებას გულისხმობს. 

გარდა ამისა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა  ხარკოვსა და ხერსონის ოლქებში რუსული ჯარის შეტევისთვის HIMARS და სხვა დასავლური სისტემა გამოიყენეს, რამაც ამ ოპერაციას წარმატების პირობები შეუქმნა.

უკრაინელმა ლიდერებმა ოსტატურად განიხილეს სამხრეთში განხორციელებული დარტყმები, რითიც წარმატებით მოატყუეს და დააბნიეს რუსები თავიანთი განზრახვების შესახებ ხარკოვის ოლქში. 

ამის მიუხედავად, ორგანიზაცია წერს, რომ მიმდინარე კონტრშეტევები ომს ვერ დაასრულებს. “უკრაინას მოუწევს შემდგომი კონტრშეტევითი ოპერაციების დაწყება, სავარაუდოდ რამდენიმე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლების დასასრულებლად. ომი სავარაუდოდ, 2023 წლამდე გაგრძელდება“, – წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი.

 

რუსეთი მოლაპარაკებაზე თანახმაა, ზელენსკი კი უარზეა

 

უკრაინის პრეზიდენტმა ცნობილ ამერიკულ მედიაკორპორაცია CNN-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ უკრაინის საბოლოო მიზანი ქვეყნის სრული დეოკუპაციაა.

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი ტერიტორიების სრული დეოკუპაციაა. რუსეთს არ უნდა მივცეთ უფლება 2014 წელს დაწყებული ოკუპაცია გააგრძელოს. არ გვჭირდება კონფლიქტის გაყინვა, ან რაიმე შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა მათ დრო მიეცეთ, გაძლიერდნენ და შემდეგ ისევ დაიწყონ თავდასხმები.  ეს არის რუსეთის სტრატეგია. ნელ-ნელა და ჩუმად გჭამენ. მე ამას რუსულ კანიბალიზმს ვუწოდებ. ამ თამაშში მონაწილეობა არ მინდა, რადგან ეს არ მომწონს. მე ვერ მოგიყვებით ჩვენს გეგმებზე დეტალებს, თუმცა თქვენ გამიგებთ რასაც ვამბობ. ჩვენ ერთ ადგილზე გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიმოძრავებთ ნელა, მაგრამ ეფექტურად,”- ამბობს ზელენსკი.

ამ ინტერვიუს შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა და თქვა:  „რუსეთი უარს არ ამბობს კიევთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გაჭიანურება პროცესს ართულებს“.

ამ განცხადებიდან ერთ დღეში კი პუტინის მარჯვენა ხელი მედვედევი ღია მუქარაზე გადავიდა.

“ვიღაც ზელენსკიმ თქვა, რომ ის არ გამართავს დიალოგს მათთან, ვინც ულტიმატუმებს აყენებს.

ახლანდელი “ულტიმატუმები” – ბავშვების ვარჯიშია მომავლის მოთხოვნებისთვის. და მან იცის ისინი: კიევის რეჟიმის სრული კაპიტულაცია რუსეთის პირობებით”, – წერს მედვედევი.

ცოტა ხანში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანიც გამოჩნდა. დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე. წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევენ.

რას ნიშნავს რუსული მხარის ეს პასუხები – აგონიას, მარცხის შიშს თუ კიდევ უფრო მძიმე სცენარებისთვის მზადებას – ამ კითხვებზე პასუხებს სამხედრო სპეციალისტებისგან მოისმენთ.

 

 

 

 „რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მუქარა შეასრულოს“ 

 

სამხედრო ექსპერტები თუ სპეციალისტები სოციალურ ქსელში ყოველდღე გვთავაზობენ ვრცელ ანალიზს , პროგნოზებს და მსჯელობას უკრაინაში მიმდინარე ომზე, ამიტომ ამჯერად ჩვენ გენერალური შტაბის ყოფილ უფროსს ვახტანგ კაპანაძეს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რამ განაპირობა უკრაინელების წარმატებული კონტრშეტევები და როგორ გაგრძელდება ომის შემდგომი ფაზა.

„ვერ ვიტყვი, რომ გარდამტეხი პერიოდი დაიწყო, თუმცა გარდატეხის ნიშნები აშკარაა. ამ ეტაპზე ინიციატივა გადადის უკრაინის მხარეს. ის ასწრებს მოწინააღმდეგეს დარტყმებს, კონცენტრაციას, თან ისე, რომ ის აიძულოს საომარ ტერიტორიას გაეცალოს.

შემდგომი პროცესი და განვითარება დამოკიდებულია რა მასშტაბით მიიღებს უკრაინა აღჭურვილობას და როგორ მოამზადებს ახალ დანაყოფებს, ვინც ოპერატიულ კონტრდარტყმებს განახორციელებენ. ახლა ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად არის გათავისუფლებული, არის ასევე ლიმანის მიმართულებით შეტევები. ლისიჩანსკისაც კი მიუახლოვდნენ, ეს იყო მთელი ეპოპეა რუსებისთვის, რომ მისი ოკუპაცია მოეხდინათ და უკრაინელებმა 3 დღეში გაათავისუფლეს.

ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის უკრაინა მზად ფართომასშტაბიანი კონტრდარტყმისთვის. სწორად აკეთებს, რომ არ ჩქარობს. ინფორმაცია, რაც ჟონავს, იმედის მომცემია, რადგან ისეთი იარაღისა და სისტემების მიწოდებაზეა საუბარი, რაც უკრაინას ნამდვილად სჭირდება. ის, რაც დღეს უკრაინამ  შეძლო, გმირობისა და თავდადების გარდა, იმ დიდი სამხედრო ტექნიკური დახმარების დამსახურებაა, რაც უკრაინას მიაწოდეს. ახლა უკრაინამ ხარისხობრივი უპირატესობა მოიპოვა რუსეთზე“, – ამბობს ვახტანგ კაპანაძე.

მის თქმით, უკრაინის წარმატების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ უკრაინა ახერხებს საჭირო ადგილას საჭირო მომენტში დაასწროს რუსეთს, ეს არის მნიშვნელოვანი. გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი მედვედევის მუქარასაც ეხმაურება და მას ცარიელ სიტყვებს უწოდებს.

„მე ვერ ვხედავ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პოტენციალს, რომ შეასრულოს ის რასაც მედვედევი ამბობს. ამ ეტაპზე ეს არ შეუძლია რუსეთს, არ ვიცი ხვალ გამოაცხადებს თუ არა საყოველთაო სამხედრო მობილიზაციას, მაგრამ ახლა მას ამის შესაძლებლობა არ აქვს.

რუსეთი ცდილობს, ზამთრამდე გაწელოს ეს პროცესი, რომ პოლიტიკური ბერკეტი იქონიოს, ვგულისხობ ენერგომატარებლების არმიწოდებას, გარკვეული ქვეყნები არიან მზად რომ ამას გაუძლონ, თუმცა ზოგისთვის ეს იქნება მძიმე დარტყმა. ამიტომ ეს ქვეყნები შეეცდებიან, უკრაინის ხელისუფლებაზე გავლენა იქონიან, რომ მოლაპარაკებაზე დაითანხმონ“, – გვითხრა გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა.

უკრაინულმა მხარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეგიონზე, ხერსონზეც გაავრცელა ცნობები.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მათ სამხრეთ ხერსონის რეგიონში დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიბრუნეს.

სამხრეთით უკრაინელი სამხედროების სპიკერმა თქვა, რომ”ტერიტორია გაწმენდილია” რუსული ნაღმებისგან, მაგრამ დამატებითი ზომების მიღება ისევ გრძელდება.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები