რუსულ არმიას მარტის დასაწყისიდან ბლოკადაში ჰყავს დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლი, რომელიც სარაკეტო და საავიაციო დარტყმების შედეგად, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია. მარიუპოლის მეტალურგიული გიგანტის, “აზოვსტალის” ტერიტორიაზე იმყოფებიან პოლკ “აზოვის” მებრძოლები და საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა. ქალაქის მცველები ოკუპანტების წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ.

„ეს შეიძლება, იყოს ჩემი ბოლო განცხადება“ – უკრაინელი ოფიცერი „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან მიმართვას ავრცელებს

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი (გადამდგარი), ვახტანგ კაპანაძე რუსეთის მთავარ სამიზნედ ქცეულ მარიუპოლში შექმნილ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქი ფაქტობრივად, რუსების მიერ არის აღებული და მას ოკუპანტები აკონტროლებენ.

როგორც ვახტანგ კაპანაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” აღნიშნა, მარიუპოლში ძალიან რთული ვითარებაა, განსაკუთრებით დამცველებისთვის.

“თუკი ადრე დამცველები სამ ლოკაციაზე (ილიჩის ქარხანა, საზღვაო პორტი და აზოვის ქარხანა) იყვნენ გადანაწილებული, ახლა დანაყოფები მთლიანად თავმოყრილი არიან „აზოვსტალის“ ქარხანაში. დაახლოებით, 2000-მდე კაცზეა საუბარი. როგორც თავად უკრაინელები აცხადებენ, 500 დაჭრილია და მათთან ერთად არიან მშვიდობიანი მოქალაქეები – ძირითადად, მარიუპოლში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები არიან.

თვითონ ის რაიონი, სადაც ისინი აფარებენ თავს, ძალიან კარგად გამაგრებულია. წარმოიდგინეთ, მიწისქვეშ დაახლოებით, 4-5 სართულის სიღრმის გვირაბებია. ზოგიერთი გვირაბის სიგანე 2 მეტრსაც აღწევს. გვირაბების ჯამური სიგრძე არის დაახლოებით, 23 კილომეტრამდე. თან ეს გვირაბები გადის როგორც პორტის, ასევე ქალაქის ცენტრის მიმართულებით, რაც აძლევს უკრაინელ მებრძოლებს საშუალებას ღამის მოკლე რეიდები განახორციელონ და საკმაოდ მტკივნეული დარტყმები მიაყენონ რუსულ ჯარებს.

პრობლემა არის მარაგები. ეს არ ეხება მხოლოდ საბრძოლო მასალებს, ეს ეხება საკვებს, წყალს, მედიკამენტებს”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი 9 მაისს დაგეგმილ გამარჯვების დღის ღონისძიებების აღნიშვნის წინ სავარაუდოდ შეძლებს წარმატებას მიაღწიოს მარიუპოლში.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ცდილობს მიაღწიოს სამხედრო წარმატებებს 9 მაისის ყოველწლიურ „გამარჯვების დღის“ აღლუმამდე

“9 მაისი არის საკრალური ციფრი რუსეთისთვის და ჩემი აზრით, ამისთვის მართლაც ყველაფერს გააკეთებენ. ამაში მარიუპოლიც შედის. ალბათ, 9 მაისამდე შეძლებენ [რუსი ოკუპანტები] სრულ კონტროლში მოაქციონ მარიუპოლი. ამ შემთხვევაში რუსეთი განაცხადებს, რომ მან მთლიანად დაიკავა აზოვის ზღვის მიმართულება და მოწყვიტა უკრაინა აზოვის ზღვას. გაიყვანა სახმელეთო დერეფანი ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთს შორის. მათი პროპაგანდა ამას გამოაცხადებს როგორც გამარჯვებას.

რაც შეეხება მარიუპოლის პოლიტიკურ მნიშვნელობას, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან დე-ფაქტო ვერ დააფიქსირებს ამ დერეფანს, თუკი მარიუპოლში იმყოფება უკრაინელი მებრძოლების გარკვეული ჯგუფი, ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე ვერ დაიკავეს ქალაქი.ამის გარდა, ძალიან დიდი მორალური და ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც აქვს მარიუპოლს, ვინაიდან ფაქტობრივად, ლეგენდად გადაიქცა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ მიმართულებას, ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ რუსებმა მოახდინეს გადაჯგუფება და ახლა მათი უახლოესი ამოცანაა, რომ ალყაში მოაქციონ ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი დონბასის დაჯგუფება და შემდეგ გაანადგურონ.

“იმ ტემპებით, როგორც მოქმედებენ რუსები – მოულოდნელობის ეფექტის დაკარგვით, რომელიც აუცილებელია სწრაფი შეტევისთვის, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ღრმა ალყის განხორციელებას შეძლებენ. თუმცა ერთია, რომ მოწინააღმდეგე ალყაში მოაქციო, მეორეა გაანადგურო, რაზეც კარგად მეტყველებს მარიუპოლის დაცვის მაგალითი, ასე რომ წინ დიდი ბრძოლები მოგველის“,- აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მრჩეველი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებულ მოწოდებებს იარაღის მიწოდების შესახებ ეხმიანება და ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღების კუთხით, მომარაგების საკითხი ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს ეფუძნება.

“ომია და ომში არასოდეს ზედმეტი არაფერია. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ უკრაინას ნატო-ს წევრი ქვეყნები არ ეხმარებიან და არ ამარაგებენ. ასეთი წარმატებული მოქმედება [უკრაინის] გარკვეულწილად დამოკიდებულია იმ შეიარაღებაზე, რომელსაც იღებს დასავლეთისგან, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე კარგი საბრძოლო სისტემა არის ადამიანი. რაც შეეხება მომარაგებას, აქ საქმე ეხება სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორებს.

ობიექტური ფაქტორია ის, რომ უნდა მომზადდეს ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც უნდა ჩაიბარონ იარაღი და შეძლონ მისი ეფექტურად გამოყენება. მიმდინარეობს მომზადება და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარაგები და მისი ხარისხიც გაიზრდება. ხარისხში ვგულისხმობ შეტევითი იარაღის დამატება, რომელიც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან ომი იმ ფაზაში შედის, როცა უკრაინის თავდაცვა უნდა იყოს ძალიან აქტიური, რაც გულისხმობს კონტრშეტევების განხორციელებას”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა”.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები