ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე მოსკოვის საპატრიარქოს ღია წერილით მიმართავს. წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ასაჯაროებს.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა.

მიტროპოლიტი გერასიმე ხაზს უსვამს იმას, რომ ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის ტერიტორია.

მიტროპოლიტი აღნიშნულ საკითხის მოკვლევას და მკაცრ რეაგირებას ითხოვს.

“ვლადაკავკაზისა და ალანიის მთავარეპისკოპოს ლეონიდეს
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ!
მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს.
მოგმართავთ შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხის გამო:
ჩვენთვის საინფორმაციო საშუალებებიდან ცნობილი გახდა, რომ 2021 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, ცხინვალის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარში წირვა აღავლინა რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანიის ეპარქიის მღვდელმსახურმა, მღვდელმა სერგი კოკოევმა (https://sputnik-ossetia.ru.2021.01.07).
როგორც თქვენთვის ცნობილია, ქ. ცხინვალი არის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის,ანონიკური ტერიტორია, რომლის მოქმედი მღვდელმთავარი ბრძანდება მიტროპილიტი ისაია (ჭანტურია).
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც სხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები, ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში.
საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, მიუღებელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნებართვის გარეშე და ჩვენთან შეუთანხმებლად სხვა მართლმადებელი ეკლესიის სასულიერო პირთა მიერ ჩატარდეს ნებისმიერი რელიგიური მსახურება და მსგავსი გადაცდომები აზიანებს ურთიერთობას ჩვენს ეკლესიებს შორის.
ვიმედოვნებთ, გამოიკვლევთ ზემოთ აღნიშნულ საკითხს, მიიღებთ მკაცრ ზომებს იმ სასულიერო პირთა მიმართ, რომელთაც ეს არაკანონიკური ქმედება ჩაიდინეს და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ღმრთის წყალობას თქვენს მაღალ მსახურებაში.
აქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე)”-აღნიშნულია მიტროპილიტ გერასიმეს წერილში.

სოფო ნამორაძე
ავტორი