ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც “ძალა ერთობაშიამ” სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა, აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას მომავალი კვირიდან დაიწყებს.

რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, რომელიც მის დასახელებამდე სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებოდა, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციამ წარადგინა ის, ვისზეც ჩათვალა, რომ გამარჯვების მეტი შანსი აქვს.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის აღმშენებლობის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

“აქ ხალხს კანონი არ აპურებს და არც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები. აქ საუბარია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა ყველაფერი გააკეთოს, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი შეიტანოს იმ რეგიონში, სადაც შუქი რვა საათზე ქვრება.

გაჩერებული ქალაქები უნდა აშენდეს, გზები უნდა დაიგოს, ის რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ის ტემპი უნდა დაბრუნდეს, თორე წერეთ რამდენი კანონიც გინდათ, ეს ხალხი ასე არ დაპურდება…ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ მათთვის რაღაც იცვლება,”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო.

“მიშა იყო ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამ თემაზე ვესაუბრებოდი. მომაწოდა, რატომ თვლიდა აუცილებლობად ამ ყველაფერს. გლობალურად უყურებდა სურათს და მეუბნებოდა, რომ ახლა არ არის დრო, როდესაც პარტია იგებს, ახლა რიგითების დროა. ამომრჩეველი ამაში უნდა დარწმუნდეს, რიგითებმა უნდა მოიგონ ეს ომი”- თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები