„დღეს ჩვენ ევროპული სტანდარტების ქვეყანა არ ვართ“ – ამის შესახებ ცნობილი ბიზნესმენი თემურ ჭყონია BM.GE-სთან კომენტარში აცხადებს. ჭყონია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აუცილებელ, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პუნქტების შესრულება ჩვენს ქვეყანას სჭირდება და არა ევროპას.

„მე მინდა გულახდილი ვიყო, ძალიან გულახდილი.. მე ვფიქრობ, რომ ევროპაში მიგვიღებენ, თუ არ მიგვიღებენ, იმ 12 პუნქტის შესრულება, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, როგორც ქვეყანას. ჩვენ საერთოდ როგორ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ – ვიღაცისთვის. ამ 12 პუნქტსაც ვასრულებთ ევროპისთვის და არა ჩვენთვის“, – ამბობს ცნობილი ბიზნესმენი.

მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რასაც ჩვენ ევროპა გვაძლევს კანდიდატის სტატუსის, თუ წევრობის მისაღებად, ჩვენთვის წარმატებული ქვეყნის ფორმულაა. „მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ, ეს შეიძლება მეორე ხარისხოვანი იყოს. მთავარია, ჩვენ ეს პუნქტები შევასრულოთ, რომ ევროპული სტანდარტების ქვეყანა შევქმნათ. თუ ევროპა მიგვიღებს მადლობლები ვიქნებით, თუ არ მიგვიღებს, ჩვენ ხომ უკვე დანერგილი გვექნება ევროპული სტანდარტები. ჩვენ ევროპული სტანდარტების ქვეყანა დღეს არ ვართ. აქედან გამომდინარე 2023 წელს მიგვიღებენ, თუ 2024 წელს მაგას კი არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ამ 12 პუნქტის შესრულება უეჭველი გვჭირდება. ჩვენ ეს ევროპისთვის კი არ უნდა გავაკეთოთ, ჩვენი ქვეყნისთვის უნდა შევასრულოთ ეს 12 პუნქტი“, – დასძინა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან საუბრისას.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები