სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს.

პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს გვარამია გამოეხმაურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი შვილებისა და მეუღლის ბულინგი არ წყდება. გვარამიას თქმით, ასეთი ფაქტები დაუშვებელია და გმობს.

მან სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ სასამართლო დარბაზში განსაკუთრებულად საკუთარი მეუღლისა და შვილის დანახვა უხარია:

“მიხარია, რომ გხედავთ, ყველაზე მეტად მაინც მიხარია, სანდროს რომ ვხედავ და რადგან სანდრო აქ არის და სოფოც აქ არის, მინდა დავიწყო იმით, რომ მოვისმინე ბატონი ჩხიკვაძის განცხადებები, მე არ ვიცი საერთოდ ეს რა ემსახურება.

მოსამართლის ეთერებში სიარული თუ ტარება თუ როგორც არის, რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ასეთი რამე საერთოდ არ გამიგია, ისევე როგორც არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე. როგორი სასამართლო არ ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მომხდარა.

მიუხედავად ამისა, მე შევჩერდები მის ამ განმარტებაზე, რომელიც ყველაზე მეტად ჩამრჩა. მან განაცხადა, რომ ჩემი განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და მისი შვილების. ამიტომაც გადავედი სანდროსგან და სოფოსგან ამ განცხადებაზე.

მე არ ვადევნებ თვალყურს გასაგები მიზეზების გამო სოციალურ ქსელებს, მაგრამ ზუსტად ამით მინდა დავიწყო, რომ როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს და ბატონმა ჩხიკვაძემ ყველანაირი მიზეზი მისცა ყველას მასთან დაკავშირებით ილაპარაკოს ის, რაც უნდა, მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ არსებობს მიზეზი თეორიულადაც კი და დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედება.

მე თავისთავად გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ჩემი ოჯახის წევრი თუ სხვათა ჩართულობას ამ ყველაფერში ცხადია, მით უმეტეს ჩემი დაორგანიზებულ სახეს, არც უთქვამს ეს ბატონ ჩხიკვაძეს.

აქვე მინდა განვაცხადო, ვიცი რომ ბევრი ადამიანი უსმენს ამას, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, ვგმობ ამას და მოვითხოვ, ეს ყველაფერი შეწყდეს დაუყოვნებლივ.

უბრალოდ, ბატონ ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი და სწორი იქნებოდა, თუ თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახის წევრებზე, ცოლზე შვილებზე და ა.შ. მე არ მინდა ბატონ ჩხიკვაძეს ვგავდე, მე კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას, მანამდეც ასე ვიქცეოდი და შემდეგშიც ასე ვაპირებ”, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განუსაზღვრა.

გვარამია ცნობილია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

ფოტო: NEWS.On.ge

“დეჟავიუ” მაქვს, 10 წლის წინ, როდესაც სათავეში ოლიგარქი მოვიდა, პირველი იყო ნიკა გვარამია, რომელიც დააკავა: გვარამიას მეუღლე

“ოდესღაც იძულებით დაატოვებინეს სოხუმის სახლი… ნიკამ შიშზე დიდი ხნის წინ გაიმარჯვა, ახლა ვეღარაფერი შეარყევს” – რას წერს ხერხეულიძე გვარამიაზე

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები