მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო: ვრცელდება კადრები, სადაც „დროას“ წევრის მტკიცებით, პოლიციელი ქალზე ძალადობს – გენინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო:

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს პარტია “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი.

როგორც მარიამ სიჭინავამ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, ვიდეო კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება უკვე დაიწყო, შესაბამისად, რეაგირებას შემოწმების შემდეგ მოახდენს.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები