ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსეთისკენ იყურება, არის ბრიყვი, მავნებელი და ხშირ შემთხვევაში მოღალატეც კი. გოგიჩაიშვილი ფიქრობს, რომ ახლა „ლუსტრაცია“ ხდება და ეს პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ძალიან კარგია, რადგან ბევრმა ადამიანმა თავისი თავი გამოაჩინა.

აღნიშნულის შესახებ გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსში“ ისაუბრა და თქვა, რომ იმ დეპუტატებს, რომელთაც ცოტა ხნის წინ მმართველი პარტია დატოვეს (მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი.) მედია „ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს“.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მედია ამ ადამიანებს. „ქართული ოცნება“ ამ ადამიანებს არანაირ რესურსს არ მისცემს იმისთვის, რომ არჩევნებზე მათ „ქართულ ოცნებას“ ხმები წაართვან.

„ოცნების“ სხვა პროექტებთან ერთად, ესეც არის პროექტი. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს არ არის საინტერესო, უბრალოდ ინფორმაციების თვალსაზრისით არის – თუ ამას შევხედავთ ისე, რომ ისინი არიან ივანიშვილის მოლაპარაკე პირები, მაშინ საინტერესოა.

თუ შევხედავთ პოლიტიკური ძალის ფორმირების თვალსაზრისით, ამას პერსპექტივა არ აქვს. სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ივანიშვილს ერთი რამ კარგად ესმის – ის ძალიან უფრთხილდება მის ელექტორალურ მოცემულობას. ის არასდროს უშვებს, რომ ელექტორატი გაყოს. სწორედ ამიტომ არის ძალიან აგრესიული ჩემნაირი, გახარიასნაირი ადამიანების მიმართ.

ის ჩვენში უფრო მეტ საფრთხეს ხედავს ხმების გამოცლის, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობაში“. სწორედ ამიტომ არის ის აგრესიული და ბინძური კამპანია, რომელსაც ავალებენ „ტროლებს“ და სხვადასხვა ჯგუფებს. ივანიშვილისთვის 1 ხმის დაკარგვასაც აქვს დიდი მნიშვნელობა – ის, რომ ივანიშვილი ყაველაშვილს პარტიას შეაქმნევინეს და ისედაც დანგრეულ „ქართულ ოცნებას“ კიდევ უფრო შეასუსტებს, არის ტყუილი.

სწორედ ამიტომ, არჩევნების წინ გაქრება „ალტ ინფოც“ და სხვადასხვა პრორუსული პარტია, რადგან ის პრორუსული ხმები უნდა წავიდეს აუცილებლად „ქართული ოცნების“ ყულაბაში. დღეს „ქართული ოცნება“ არის მაგნიტი ყველაზე შავბნელი მოძრაობებისთვის.“ – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები