“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ლაშა ხუციშვილი დეპუტატებს უწყების წლიურ ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ინფლაცია, ქვეყნის ვალი და საინვესტიციო გარემო – ეს ის საკითხებია, რომლის შესახებაც ოპოზიცია აპირებს, რომ ფინანსთა მინისტრს მწვავე შეკითხვები დაუსვას.

ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, პანდემიის პირობებში ფინანსთა სამინისტრო ზრდის ბიუროკრატიულ ხარჯებს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

“საერთაშორისო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ქვეყანამ 14%-იანი ვარდნა განიცადა. ამის მიზეზი არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკა და ქვეყანაში სასამართლო სისტემის არარსებობაა, რაც სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანას არ გაეკარონ. ამ ფონზე მოვა მინისტრი პარლამენტში და ძალიან ბევრ მწვავე კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ.

“ქართულ ოცნებაში” კი  ამბობენ, რომ ფინანსთა სამინისტრო პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე მასზე დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულა და ქვეყანა სავალალო შედეგებს გადაარჩინა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ მთავარი კითხვები ფინანსთა მინისტრთან ექნება სესხებთან და ინფლაციასთან დაკავშირებით.

„ინფლაციასთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა. სესხებთან დაკავშირებით იქნება მთავარი შეკითხვები, რასაკვირველია არის თემები, რომლებიც ოპოზიციას მომზადებული აქვს და ამაზეც ველოდებით, რომ კომპეტენტური პასუხი ექნება  ფინანსთა მინისტრს,” – ამბობს გიორგი ვოლსკი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს  კი, კითხვები ადამიანის უფლებების მიმართულებით, კერძოდ სოციალური შემწეობის კუთხით ექნება.

“ჩემი მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი კითხვები დასმული, რაც ეხება ადამიანის უფლებების მიმართულებით სოციალური შემწეობის კუთხით, როგორი იქნება გეგმები და ხომ არ არის რისკები, რომ უარყოფითი გავლენა იქონიოს პანდემიისგან გამოწვეულმა ცუდმა შედეგებმა,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პლენარული სესია 12:00 საათზეა ჩანიშნული.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები