ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ „კვლევების მიხედვით, აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს“. როგორც „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას ზაზა წერეთელმა განმარტა, „გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ვირუსის მიმდინარეობა გართულდეს და ადამიანს ხანგრძლივი „კოვიდი“ დარჩეს“.

ომიკრონის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა: თენგიზ ცერცვაძე

„კვლევებმა აჩვენა, რომ აუცრელებში „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს. იმის გამო, რომ საქართველოში დაბალი ვაქცინაცია იყო, ჩვენ გასაქანი მივეცით არა მარტო „ომიკრონს“, არამედ ყველა სხვა შტამს, რომ გავრცელებულიყო და ადამიანები დაინფიცირებულიყვნენ. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს და იძახის, რომ დაინფიცირებით შეიძენს იმუნიტეტს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენ აცრილი არ ხართ, „ომიკრონის“ მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და საერთოდ, არც მუშაობს. მეორე, შეიძლება, ის გაგირთულდეს და ხანგრძლივი „კოვიდი“ დაგრჩეს. ამიტომ, გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება“, – განაცხადა წერეთელმა.

14 405 ახალი შემთხვევა და კიდევ 42 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

მისი თქმით, „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობს იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 90 პროცენტია აცრილი და 75 პროცენტს ბუსტერდოზაც აქვს მიღებული.

„ანუ, მათი იმუნიტეტი ძლიერია, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 42 პროცენტია აცრილი, არ შეიძლება, ჩაითვალოს, რომ „ომიკრონი“ შეიძლება, მსუბუქად მიმდინარე დაავადება იყოს. ასეთ შემთხვევაში „ომიკრონი“ შეიძლება, გართულდეს, ის გამოიწვევს სიკვდილიანობას და ე.წ. ხანგრძლივ „კოვიდს“, რომელიც ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა წერეთელმა.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ასევე განაცხადა, რომ ხანგრძლივ „კოვიდზე“ უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა მუშაობს, რადგან ეს შეიძლება, დიდი პრობლემა გახდეს.

„ფინეთმა უკვე აღიარა, რომ ხანგრძლივი „კოვიდი“ შეიძლება, ქრონიკული დაავადების ერთ-ერთი სახეობა გახდეს და დიდი პრობლემა იყოსო. ამიტომ, ყველა ქვეყანა უკვე ახლავე ემზადება და გარკვეული სარეაბილიტაციო ჰოსპიტლებიც კი იქმნება, რათა იმკურნალონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ხანგრძლივი „კოვიდის“ სიმპტომები აქვთ. ხანგრძლივი „კოვიდი“ ტოვებს გართულებებს. შეიძლება, ეს იყოს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, ნერვულ სისტემაში, მაგალითად, მუდმივი გადაღლილობა, სტრესული მდგომარეობა, მეხსიერების პრობლემები, ე.წ. ტვინის დაბინდვა და ა.შ“, – განაცხადა წერეთელმა.

ამასთან, ზაზა წერეთელმა აღნიშნა, რომ როგორც კვლევებმა აჩვენა, ვაქცინირებულებში ხანგრძლივი „კოვიდი“ ძალიან მცირე დროის განმავლობაში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ ბოლო შტამი იქნება.

„მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ აუცრელია, რაც ტოვებს შანსს, რომ შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს. არავის არ უნდა, თქვას, რომ „ომიკრონი“ არის ბოლო შტამი, რადგან ძალიან უცნაური ვირუსია. ამიტომ, ყველა ფრთხილობს და იმის თქმა, რომ დასასრულისკენ მივდივართ, ალბათ ძნელია. შეიძლება, ახალი შტამი გამოჩნდეს“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

 

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები