მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდეს ევროპას სპორტულ გუნდში გაწევრიანებას ჰგავს – სტანდარტები სპორტულ გუნდშიც არსებობს და გაწევრიანების მსურველმა ამ სტანდარტებს პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სვენ მიქსერმა პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასოცირების შეთანხმებასა და მისი განხორციელების პროცესში ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს საქართველოში და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი დელეგაცია ცდილობს, რომ საკითხებზე შევთანხმდეთ. ასევე, ამაში ჩართულია ევროსაბჭოს პრეზიდენტი. ჩვენ შევთავაზეთ ევროპულ პარლამენტს ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ გვაქვს და რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება გრძელდება.

ასოცირების შეთანხმება ფოკუსირებულია ადამიანებზე. სოციალური კეთილდღეობა, დასაქმება – ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს ეს შეთანხმება. ამ ყველაფრის განხორციელება და გატარება მნიშვნელოვანია. არის მნიშვნელოვანი პროგრესი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ზოგიერთი მიმართულებით ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და უმთავრესად ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა.

ევროკავშირი და ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესს მხარს უჭერს არამხოლოდ მორალურად, არამედ ხელშესახები გზებით. ეს რეფორმები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის მრავალწახნაგოვანი, რაც შესასრულებელია და ეს მხოლოდ ტექნიკური სამუშაო არ არის. სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრინციპია. ( არსებობს) პირობა და სტანდარტი, რომელიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპულ ინსტიტუციებთან ინტეგრაციის შემდეგი ნაბიჯებისთვის კვალიფიციური იყოს. მათ შორის არის სტანდარტები, რომლებიც დაკავშირებულია კანონის უზენაესობასთან, ინსტიტუციების დამოუკიდებლობასთან, რომლებიც ასევე დაკავშირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებასთან.

მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ საქართველო უფრო დაუკავშირდეს ევროპას, თითქოს სპორტულ გუნდში გაწევრიანებას ჰგავს, იმიტომ, რომ სტანდარტები სპორტულ გუნდშიც არსებობს ხოლმე და მას პატივი უნდა სცეს გაწევრიანების მსურველმა. როცა ევროკავშირთან ჩვენს მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ, მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს მოლაპარაკებები არ გახლავთ რაღაც შუალედური სტანდარტების მოძებნა ევროპულ სტანდარტებსა და ქვეყნის სტანდარტებს შორის. რა თქმა უნდა,ზოგადად მიზანი არის, რომ ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროპული სტანდარტები. ევროპარლამენტი არის ინსტიტუცია, რომელიც ორიენტირებულია კომპრომისზე და შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე ჩემი ეროვნული პარლამენტი იყო. მე ვხედავ, რომ ევროპის დიდი ნაწილი, პოლიტიკური პარტიები მზად არიან, რომ რაღაცნაირად გამონახონ საერთო ენა, წავიდნენ საერთო კომპრომისებზე და ეს არის რეალურად სიძლიერის ჩვენება და არა, პირიქით. ეს არ გახლავთ სისუსტე, როდესაც რომელიმე მხარე დათმობებზე მიდის. მესმის, ქართველებს მიაჩნიათ, თითქოსდა დათმობა არის სისუსტე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავლახოთ ეს მიდგომა. თითოეულ ეტაპზე, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ რაღაც საერთო ვიპოვოთ, დათმობა არის საერთო ნიადაგის პოვნა. დათმობაზე წასვლა რეალურად ნიშნავს, რომ არის ჩამოყალიბებული ადამიანი, ზრდასრული ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, ჩვენი საერთო სტრატეგიული მიზნები არ უნდა დაგვავიწყდეს.

ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენ გხვდებით, ხვდები აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს და ასევე კომიტეტის სხვა წევრებს. ძალიან მიხარია, რომ აქ კოლეგებთან ერთად ვარ. საპარლამენტო დემოკრატიის წევრები ვართ ყველა და ეს ქვეყნის მიმართულებისთვის მნიშვნელოვანია. მინდა გამოვხატო ჩემი სიხარული იმის შესახებ, რომ უკვე ვხედავთ, პოლიტიკა პარლამენტს გარკვეულწილად უბრუნდება. მესმის, რომ ეს რთულია, მაგრამ ჩემი აზრით, ასე უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა მიქსერმა.

მსგავსი თემები