საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი წამების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, კაცი თავის ცოლს მამრობითი სქესის მეგობრების ყოლის, მათთან მიმოწერისა და საკუთარი თანხების დამოუკიდებლად განკარგვის უფლებას არ აძლევდა. დაზარალებულს 4-5 საათის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, რა დროსაც იატაკზე აგდებდა და ხელებით და ფეხებით სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ურტყამდა, რის შემდეგაც შალის გამოყენებით სააბაზანოში შეჰყავდა და ცივი შხაპის ქვეშ

ამყოფებდა.

“ბრალდებულის ქმედებები მიზნად ისახავდა ცოლის იძულებას, ეღიარებინა ღალატი და დაესახელებინა პირი, ვისაც თანხა ასესხა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის 25 თებერვალს, ბრალდებული გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, მეუღლის მშობლებს და ძმას, ხოლო გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკურად იძალადა მეუღლის მამაზე და ძმაზე,” – წერია პროკურატურის ინფორმაციაში.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -144 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11′-151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები