ირინა ტორონჯაძე, რომელიც მაყურებელს სხვადასხვა თოქ-შოუში მწვავე დაპირისპირებებით, როგორც რესპონდენტი, ისე დაამახსოვრდა, ამჯერად ტელეწამყვანის ამპლუაში აწარმოებს „მენტალურ ომებს“ „რუსთავი 2“-ზე. გადაცემა პირველად ეთერში 4 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე გავა და მაყურებელს ყოველ კვირა ექნება საშუალება, უყუროს ამა თუ იმ თემაზე დაპისიპირებულ მხარეებს, რომლებიც საკუთარი მოსაზრების დასაცავად წონადი არგუმენტების მოყვანას შეეცდებიან.

ირინა ტორონჯაძე:

რატომ მენტალური ომები? ვისაუბრებ იმაზე, საიდან წამოვიდა კონცეფცია და რა არის ჩვენი მიზანი, როცა ამ გადაცემას ვამზადებთ. როგორც წესი, ჩვენი საზოგადოება, და ჩვენ ქართულ რეალობას ვერგებით, იყოფა ლიბერალურ და კონსერვატიულ ფრთებად. ხისტი დაყოფა არ არსებობს, ესეც პირობითია, მაგრამ დაახლოებით ასეა. ეს დაპირისპირებული მხარეები გვინდა მოვიწვიოთ და არა ვაკინკლაოთ, არამედ გავმართოთ მათ შორის არგუმენტირებული დებატები. გვინდა, წარმოვაჩინოთ გადაკვეთის გარკვეული წერტილები და ვნახოთ, რომ ლიბერალურიც და კონსერვატიული ფრთაც, შეიძლება იყოს ახლოს ქართულ მენტალობასთან. მაყურებელმა კი შესაძლოა, ორივე საპირისპირო შეხედულებას შორის აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო და რაც მთავარია, თავისი მოსაზრება. ჩვენი მიზანია, კარგად წარმოვაჩინოთ, სინამდვილეში რას ნიშნავს ლიბერალიზმი და რას გულისხმობს კონსერვატიზმი, შემდეგ კი, არგუმენტების რეჟიმში განვიხილოთ სხვადასხვა პრობლემა – დაწყებული უმცირესობების და სხვა თავისუფლებებით, გაგრძელებული კორონისა და ვაქცინაციის თუ ქუჩური მენტალიტეტისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დაპირისპირების თემებით და სხვა. მოკლედ, თუკი საზოგადოებაში რაიმე პრობლემა არსებობს, ჩვენ წარმოვაჩენთ ორ დაპირისპირებულ ფრთას და ვეცდებით გადაკვეთის წერტილების პოვნას.

თავადაც უამრავჯერ მიგიღიათ მონაწილეობა ცხარე დებატებში ამ თუ სხვა თემებზე და იცით, რომ ასეთ დროს სკანდალურ დაპირისპირებებს თავს ვერ აარიდებთ მაგალითად, ქალიშვილობის ინსტიტუტზე ან სექსუალურ უმცირესობებზე  საუბრისას…

არც ავირიდებთ დაპირისპირებებს თავს, სულაც არ მგონია, რომ ამას თავი უნდა ავარიდოთ. რა მუხტიც არის საზოგადოებაში და როგორი ემოციები, ის პირიქით, უნდა ავსახოთ, ვაჩვენოთ, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფებში ასეთ ვნებათაღელვას იწვევს თუნდაც სექსუალური უმცირესობების, ვაქცინაციის ან სხვა თემები. ჩვენ ემოციებს ვაჩვენებთ, უბრალოდ, ამ ემოციებსა და დაპირისპირებებში, მე როგორც წამყვანს, არ მინდა, დაიკარგოს არგუმენტები. შეიძლება, ადამიანს დაუპირისპირდე, მაგრამ არგუმენტი მოიყვანო და ეს არ გადაიზარდოს პიროვნულ შეურაცხყოფაში. არ მინდა, გადაცემა შინაარსს ასცდეს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ტელევიზია არის შოუ. ხანდახან ადამიანებს შოუ ჰგონიათ ცალსახად ნეგატიური, არადა, მთელი ეს პროფესია, ჟურნალისტიკა ეძღვნება შოუს, მით უმეტეს, ტელეჟურნალისტიკა. უნდა იყოს შოუ, ტემპერატურა და გრადუსი, თუმცა ამან არ უნდა გადაფაროს თემის არსობრივი გარჩევა.

თქვენთვის ამ გადაცემის წამყვანობა რა გამოწვევას უკავშირდება?

ეს არის გამოწვევა და ინტერესიც ამიტომ გამიჩნდა. ეს ჩემთვის ახალი და წონადი პლატფორმაა, განსხვავებით ოპონენტობისა და რესპონდენტობისგან, რომ არ ჩავიკეტო კონკრეტულ ფორმატში და საზოგადოებისთვის აქტუალური სხვადასხვა საკითხი გავშალო ისე, როგორც ეს მე წარმომიდგენია და რაც სხვა შოუებში სტუმრობისას მაკლდა. სულ ვფიქრობდი, მე ამ საკითხს სხვანაირად გავშლიდი-მეთქი. ახლა კი საკუთარი პოტენციალის რეალიზაციის საშუალება ჩემს გადაცემაში მომეცემა და წარმოვაჩენ ჩემს ხედვას, რაც წლების განმავლობაში უამრავი დაკვირვებისა და კვლევის შემდეგ ჩამომიყალიბდა.

ამ თემების წამოწევისთვის მაყურებლის რისხვას თუ ელოდებით?

(იღიმის) ველოდები ორივე მხრიდან. ჩემს გადაცემაში ფსევდოლიბერალიზმსაც გადავწვდები და ფსევდოლიბერალებსაც, რადგან მათთანაც ბევრი პრეტენზია მაქვს, ისევე, როგორც ე.წ. გრუზინებთან. მხოლოდ კონსერვატორული ფრთა არ სცოდავს ხოლმე ამ საკითხში და ტრადიციებს ამოფარებულები მახინჯ მოსაზრებებს არ ამკვიდრებენ. ლიბერალებიც ქმნიან ხოლმე მეორე რადიკალურ ფრთას და ხანდახან აცდენილები არიან რეალობას. შესაბამისად, მგონია, რომ ორივე მხარე აუცილებლად გაილაშქრებს ამ გადაცემის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს ასეც უნდა იყოს, როდესაც ამ ტიპის გადაცემას ამზადებ.

კრიტიკისთვის თქვენი ოჯახის წევრებიც მზად არიან?

ჩემი ოჯახის წევრები, დიდი ხანია, მზად არიან და უფრო მეტიც, გაწვრთნილები არიან. შესაბამისად, ჩემი გუნდის წევრები არიან და ჩემთან ერთად გაიარეს მენტალური ომები, რაც მე ეკრანზე ვჩანვარ, ბოლო სამი-ოთხი წელია. დედა უფრო მეტად ჩემს უსაფრთხოებაზე ნერვიულობდა და არ უნდოდა, ვიღაცას აგრესია გასჩენოდა, მაგრამ ისიც შეეგუა, მამა, დები და მეუღლე პირიქით, იქით მაქეზებენ ხოლმე, ზოგჯერ ჩემზე მეტი ლიბერალები არიან.
რა ტიპის წამყვანი იქნებით, ცეცხლზე ნავთის დამსხმელი?

თამამი ვიქნები, მაგრამ ხელოვნურად არაფერს გავაკეთებ და ძალით არაფერს მოვიგონებ. როცა რესპონდენტი ვიყავი, ხელოვნურად მაშინ არ ვაკეთებდი არაფერს და მით უმეტეს, ახლა უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია, როგორც წამყვანს. მაგრამ თუკი სტუმარი იტყვის ისეთ რამეს, რაც ჩემთვის ცალსახად მიუღებელი იქნება, არ ვიკეკლუცებ და არ ვიფიქრებ, რომ რადგან წამყვანი ვარ, ეს უნდა გავატარო. გამოვხატავ ჩემს მოსაზრებას, მაგრამ ბეწვის ხიდზე გავივლი, რომ სტუმრის ფსიქოლოგიურ სივრცეში არ შევიჭრა. არ მინდა, ჩემს სტუმარს შეეშინდეს და მომერიდოს. მინდა, გახსნილ დიალოგს შევუწყო ხელი. მაყურებელსაც ეს მოსწონს, როცა ადამიანები ემოციურად გაშიშვლებულები არიან და არა ხელოვნურები. მაყურებელი ხვდება, კეკლუცობ და ვიღაცის მოსაწონებლად ამბობ რაღაცას, თუ მართლა ფიქრობ. მე ყოველთვის ასე ვიყავი, რასაც ვფიქრობდი, იმას ვამბობდი, მაგრამ ახლა დიდი დოზით არ ჩავერთვები, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რადგან არ მინდა, საკუთარ თავზე ვიყო ორიენტირებული და მხოლოდ მე ვაკეთო შოუ. მინდა, მოსულმა სტუმარმა აზრი სრულად გამოხატოს.

გადაცემის ანონსი გაავრცელეთ, სადაც ცეკვავთ. ცეკვა რატომ გადაწყვიტეთ?

ეს იყო ჩემი პროდიუსერის იდეა. მენტალური ომები სიმბოლურად ცეკვასთან დავაკავშირეთ, მით უმეტეს, ქალია წამყვანი, რომელიც იბრძვის უფლებების დაცვისთვის და აქვს ფემინისტური იმიჯი. ჩავთვალეთ, რომ ადეკვატური და სიმბოლური იქნებოდა, აგვერჩია პასოდობლეს შესრულება, სადაც წითელ კაბაში წითელ ალამს ავაფრიალებდი, რომელიც მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. მას იწვევ  და ამზადებ ამგვარი შოუსთვის. თან, ცეკვა ძალიან მიყვარს. ბავშვობის აუხდენელი ოცნება იყო, ბალერინა ვყოფილიყავი, რაც ვერ მოვახერხე. ანონსის გადაღებაზე ძალიან ვისიამოვნე. ჩემთვის სიმბოლურიც არის, გადაცემასაც ასახავს და ცეკვა ახლოსაა ჩემს ინდივიდუალიზმთან, ამიტომაც მგონია, რომ ანონსი კარგი გამოვიდა.

რას ვიხილავთ პირველ გადაცემაში, 4 ოქტომბერს?

პირველი გადაცემა ეხება ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, მომხდარ მკვლელობებს და გამოკვეთილ ქუჩურ მენტალიტეტს. სეზონის გახსნაზე გვინდოდა გასული ამბების შეჯამება. ქუჩური მენტალიტეტი სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ – სად ვდგავართ, როგორც საზოგადოება, ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან თუ ქუჩურად უნდა გადავწყვიტოთ პრობლემები. ერთია, როგორი კანონია, მეორეა, სად დგას საზოგადოება და როგორ მიჰყვება ხელისუფლებას. ამ თემაზე გვექნება საინტერესო საუბარი პირველ გადაცემაში.

ინტერვიუ: ნინო მურღულია

კატეგორიები: ინტერვიუ