გაერთიანებული ერების წარმომადგენლობა საქართველოში შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება საშიშ გზავნილს წარმოადგენს სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვისაც.

„ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა საშიშ გზავნილს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტებისთვის“, — აცხადებს გაეროს წარმომადგენლობა.

წარმომადგენლობა შეშფოთებულია იმითაც, რომ ახლად შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის ფარგლებში შემავალი დანაშაულების სიის გაზრდა იწვევს უწყების გადატვირთვისა და თავდაპირველი მისიიდან აცდენის რისკს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი ამ გადაწყვეტილებების (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების) საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“, — წერია განცხადებაში.

 

თემო ლობჟანიძე
ავტორი

მსგავსი თემები