HBO-მ რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობის გამო ,,ქარწაღებულნი” ფილმების კატალოგიდან ამოიღო. როგორც HBO-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, დროთა განმავლობაში 1939 წლის კინო-შედევრი კატალოგში დაბრუნდება მას შემდეგ, რაც განიხილება მასში ასახული რასისტული გამოსახულებები და ისტორიული კონტექსტი. ფილმი კატალოგიდან გუშინ ამოიღეს.

,,ფილმი ,,ქარწაღებულნი” მოგვითხრობს იმ პერიოდის შესახებ, როდესაც სამწუხაროდ, ამერიკულ საზოგადოებაში ეთნიკური ცრურწმენები, ისევე როგორც რასიზმი და მისი გამოვლინებები ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ცხადია, ეს ყველაფერი მაშინაც მცდარი დამოკიდებულება იყო და ახლაც, ჩვენ კი ჩავთვალეთ, რომ დღეისათვის არსებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მსგავსი პროდუქციის კატალოგში დატოვება განხილვისა და განსჯის გარეშე უპასუხისმგებლობა იქნებოდა” – განუცხადა HBO-ს წარმომადგენელმა Variety-ს.

მისი თქმით, ,,ფილმი კატალოგში დაბრუნდება თავისი ორიგინალი ფორმით, თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც განხილული იქნება მისი ისტორიული კონტექსტი და რასიზმის გამომხატველი ასპექტები. თავად ფილმში არაფერი შეიცვლება, რადგან ამის გაკეთება იმის მტკიცების ტოლფასი იქნებოდა, რომ რასიზმს და ეთნიკურ სეგრეგაციას ამერიკაში ადგილი არც არასოდეს ჰქონია. თუ გვსურს უკეთესი მომავლის შექმნა, უნდა გვესმოდეს და ვიცოდეთ ჩვენი ისტორია.”

ფილმის კატალოგიდან ამოღება ,,მონობის 12 წლის” სცენარისტის, ჯონ რიდლის კომენტარს მოჰყვა, რომელმაც ,,ქარწაღებულნი” მასში ასახული რასისტული რეალობის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფილმი რასისტული სტერეოტიპების გამყარებასთან ერთად ხოტბას ასხამს სამოქალაქო ომამდელ სამხრეთს.

რვა ,,ოსკარის” მფლობელი ფილმის მოქმედება, რომელშიც მთავარ როლებს ვივიენ ლი, კლარკ გეიბლი, ჰეტი მაკ დენიელი და ოლივია დე ჰავილანდი ასრულებენ, ატლანტასთან მდებარე პლანტაციაში, ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ვითარდება. იგი პლანტატორის ქალიშვილის, სკარლეტ ო’ჰარას (ლი) და სამხრეთელი არისტოკრატის, რეტ ბატლერის (გეიბლი) სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

აღსანიშნავია, რომ ფილმში ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ,,ოსკარი” მოიპოვა ჰეტი მაკ დენიელმა, რომელიც კინოაკადემიის ისტორიაში ჯილდოს პირველი ფერადკანიანი მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ ფლოიდის სიკვდილისა და საპროტესტო მოძრაობების პარარელურად, რომლებიც ფერადკანიანთა უფლებების დაცვას ითხოვენ და პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებენ, პოლიციასთან დაკავშირებული რამოდენიმე ტელეშოუ გაუქმდა, მათ შორის “Live PD”და “Cops”.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები