„რუსეთი ოკუპანტია“- ამ სათაურით Manifest.ge-ზე ქვეყნდება პეტიცია, რომლის ავტორიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი კალატოზიშვილია.

პეტიციის ხელმომწერების მთავარი მოთხოვნაა საქართველოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდეს.

პეტიციის ადრესატი საქართველოს მთავრობა და პარლამენტია, საჭიროა 10 000 ხელმოწერა.

აღნიშნულ თემაზე, რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” პეტიციის ავტორმა თავად ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პეტიციას ხელი უკვე 500-მდე ადამიანმა მოაწერს, რისთვისაც გიორგი კალატოზიშვილმა საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

„შევეცადეთ მაქსიმალურად ყოფილიყო დეტალიზირებული ის რისკები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ და ეს რისკები არის ძალიან მკაფიო და თვალსაჩინო.

საქართველოში ამ ეტაპზე დარჩენილია დაახლოებით 50 000 რუსეთის მოქალაქე, აქ არ ითვლებიან ის ადამიანები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მოქალაქეობა, არამედ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შემოსულები არიან ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, დაახლოებთ 365 დღით. თუმცა ჩვენივე კანონმდებლობით, მათ შეუძლიათ ვადის ამოწურვამდე 1 დღით ადრე დატოვონ ქვეყანა და შემდეგ ისევ შემოვიდნენ.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ 500-მდე ადამიანს, რომლებმაც უკვე ხელი მოაწერეს პეტიციას.

ჩვენ პეტიციაში 3 მოთხოვნა გვაქვს, რომელსაც ვაჟღერებთ:

პირველი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ შემოიღონ სავიზო რეჟიმი რუსეთთან, უნდა შეიზღუდოს საზღვრის გადმოკვეთა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა პუტინმა გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია.

ამის ფონზე, დაიძრა ახალი ნაკადი, არა მხოლოდ საქართველოსკენ, არამედ ყაზახეთისკენ, სომხეთისკენ, სხვადასხვა მიმართულებით. ადამიანები ცდილობენ თავი დაიძვრინონ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან.

ეს არის კონფორმისტული ნაკადი, რომელიც რუსეთში ხმას არ იღებდა, არ არიან ომის წინააღმდეგ, თუმცა როცა მათ პირადად შეეხნენ, გადაწყვიტეს გასულიყვნენ სამშივდობოს.

სრულიად გაუგებარია, რატომ ხდება აბსოლუტურად უკონტროლოდ საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება.

როგორც გიორგი კალატოზიშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული, თუ რა რისკების მატარებელია ოკუპანტი მოქალაქეების საქართველოში ყოფნა.

როგორც იცით, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო ჰუმანიტარული პოლიტიკის ახალი კონცეფცია, რომელიც გულისხმობს, კულტურულ-სპორტული ასევე სხვადასხვა მიმართულებების მხარდაჭერას და ამასთან, საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას.

ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს ეს, რა ქვეტექსტი აქვს ასეთ კონცეფციას.

ეს არის რეალურად ძალიან დიდი საბაბი იმისა, რომ რბილი ძალის გამოყენებით, საქართველოში შემოვიდეს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებსაც არ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური შეხედულებები, არ ეთანხმება პუტინს, მაგრამ პუტინის რეჟიმმა გამოიყენოს ისინი პროვოკაციებისთვის და მათი უსაფრთხოების დაცვის მოტივით შემოიჭრას საქართველოში ან გამოიწვიოს კონკრეტული არეულობები.

“ფორტუნას” კითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს დიფერენცირება, თუ ვინ უნდა შემოუშვან ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში, კალატოზიშვილმა განმარტა:

არის ძალიან საინტერესო ჩატი, სადაც მე უკვე დამბლოკეს, ეს არის ჯგუფი „ზემო ლარსი“ ტელეგრამში.

იქ არის დაახლოებით 50 000-მდე რუსეთის მოქალაქე, რომელიც ამ წუთებში ცდილობს გადმოკვეთოს ლარსის სასაზღვრო პუნქტი.

მიდის ინფორმაციის გაცვლა, ჩვენსკენ მოემართებიან ადამიანები, რომლებსაც მანქანებზე აქვთ დატანილი კონკრეტული ომის სიმბოლიკა Z-ნიშანი.

ისინი ერთმანეთს ეკითხებიან, ვინც უკვე საქართველოში ხართ, გვითხარით, მოვხსნათ მანქანიდან ეს ნიშანი თუ არაო?

ეს არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ეს ადამიანები იზიარებდნენ და იზიარებენ კონკრეტული რეჟიმის პოლიტიკას.

ჩვენ აქ ვუშვებთ ოკუპანტი, მოძალადე, მანიაკი, ტერორისტი რეჟიმის მხარდამჭერ ადამიანებს.

კალატოზიშვილის აზრით, სულ მცირე მუდმივი მონიტორინგი უნდა ხდებოდეს სასაზღვრო პუნქტზე, კონკრეტული კითხვარების შევსება და კონკრეტული პოლიტიკური შეხედულებების დადგენა უნდა ხორციელდებოდეს, ისევე, როგორც ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები…

მივბაძოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც შეუერთდნენ რეჟიმის გამკაცრებას, მაგალითად, ესტონეთმა გაამკაცრა საემიგრაციო პოლიტიკა.

უნდა იყოს დაშვება, რომ პოლიტიკური დევნილები შევიფაროთ. ასევე როცა ვამბობთ, რომ უნდა დაწესდეს მორატორიუმი უძრავი ქონების შეძენაზე რუსეთის მოქალაქეებზე, ესეც არის დროებითი, თუმცა აუცილებელი, პრევენციის მიზნით, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა, იმ ქვეყნის, რომელსაც 20% აქვს მიტაცებული, არ კანონის ძალით არ ჰქონდეთ უფლება შეიძინონ უძრავი ქონება.

და ჩვენი მესამე მოთხოვნაა, შეიზღუდოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების ეკონომიკური საქმიანობა.

რატომ ვამდიდრებთ ამ ადამიანებს? ამ თვის განმავლობაში დარეგისტრირდა 6000-ზე მეტი კომპანია, შპს და ინდ. მეწარმე.

ეს ირიბად იმას მიანიშნებს, რომ ეს ადამიანები არ აპირებენ საქართველოს დატოვებას. არ აპირებენ სულ მცირე ერთი-ორი წლით.

კანონი აძლევთ მათ საშუალებას, რომ 365 დღის მერე გავიდნენ და უკან შემობრუნდნენ.

ეს არის რისკი და როცა ჩვენ ამაზე თვალს ვხუჭავთ და როდესაც სახელმწიფო გვეუბნება, რომ არაფერია სანერვიულო, აუცილებელია გავიხსენოთ პრეცედენტები, თუ როგორ ხდებოდა მათ შორის ყირიმის ანექსია, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა…

ხდებოდა კონკრეტული საინფორმაციო პოლიტიკით და დეზინფორმაციის წარმოებით, ასევე ხდებოდა ეკონომიკური ბერკეტების შექმნა და ამ ბერკეტებით სარგებლობა და შემდგომ უკვე, ფართომასშტაბიანი შეჭრა – აღნიშნა გიორგი კალატოზიშვილმა.

 

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები