პანდემია, ვაქცინაციის კამპანია და ეკონომიკის ზრდა – 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვისას, ამ საკითხებზე საუბრის დროს, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს მიმართა და უთხრა, რომ მათი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია მათ წინაშე – ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც.

კაკაურიძის განცხადებით, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა – შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას.

კაკურიძემ ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ კეთდება 6 ათასი, რაც სეროზული პრობლემაა:

“გეთანხმებით, ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობა პროგნოზების კეთებაა, სწორედ ამიტომ, სამივე სცენარი წარმოდგენილია თქვენ წინაშე – ოპტიმისტურიც, პესიმისტურიც და საბაზისო სცენარიც.

ეს რისკი, რა თქმა უნდა, არსად გამქრალა და არსებობს. ამ შემთხვევაში, პესიმისტურ სცენარში, გათვალისწინებულია 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა – შედარებით ნაკლები, ვიდრე საბაზისო სცენარში. თუმცა ჩემი პოზიციაა, რომ ყველამ ერთად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საჭირო არ გახდეს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ვინაიდან ეს მხოლოდ წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე არ იქონიებს გავლენას. 2022 წელსაც შეამცირებს იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს, რაც გვაქვს.

რაც შეეხება ვაქცინაციას – ამჟამად, დღეში შესაძლებელია 20 ათასი ვაქცინის გაკეთება, მაგრამ სამწუხაროდ, კეთდება 6 ათასი. ეს სეროზული პრობლემაა. გამოდის, რომ დღეს რა საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ, რაც ქმნის ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის, როგორც მოქალაქის ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვისაც გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, მაქსიმალურად იყოს ჩართული ამ პროცესში.

ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვიფიქროთ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე.” – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები