„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?!“ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის წევრების მიერ, მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შესახებ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

ლომჯარია თქმით, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და „არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ იტყვის.“

კობახიძე ლომჯარიაზე: რეიტინგი არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსობას ცდილობს

„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება.

მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დასმულ კითხვაზე კი, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში მიდის, სახალხო დამცველმა უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია ამ საკითხზე კობახიძის აღელვება რისი ნიშანია. ომბუდსმენის თქმით, ის სამომავლო საქმიანობის შესახებ თავად განცხადებას გააკეთებს.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ.“– თქვა ნინო ლომჯარიამ.

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები