საქართველოს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში რეგისტრირდება სარჩელი, რომლის მიხედვითაც უწყებას პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვასა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობას ედავებიან.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” სამოქალაო უფლებების დამცველი, იურისტი ანა არგანაშვილი ავრცელებს.

როგორც უფლებადამცველი წერს, სასამართლოს ასევე მიმართავენ თხოვნით, 15 თებერვლამდე, სამინისტროს დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა სკოლებში დაბრუნებისას ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს.

ანა არგანაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ვარეგისტრირებთ საქმეს, რომლითაც განათლების სამინისტროს ვუჩივით პანდემიის პირობებში სკოლების არაეფექტურ მართვასა და ბავშვების საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო.

ვიწყებთ უზრუნველყოფის მოთხოვნით: სასამართლოს ვთხოვთ სამინისტროს 15 თებერვლამდე დაავალოს კონკრეტული და ეფექტური გეგმის შექმნა, რათა ბავშვების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და განათლების უფლება არ დაირღვეს ბავშვების სკოლებში დაბრუნებისას. მალევე შევიტანთ ძირითად სარჩელს.

რადგან მთავრობა არ იაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას სკოლების სტიქიურ და მოუმზადებელი გახსნისას, გვინდა სასამართლო სისტემა ჩაერთოს ბავშვების დასაცავად და თქვას მოსამართლემ თავის სიტყვა – რომ ბავშვების სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ქვეყანაში არ დაუშვებს.

დეტალი სპეციალურად იურისტებისთვის: სარჩელი და უზრუნველყოფა შეგვაქვს სპეციალური მოსარჩელის სტატუსით, როგორც შშმ ბავშვების დამცველ ორგანიზაციას. ეს ინსტიტუტი საქართველოში პირველად 2021 წლის იანვარში ამოქმედდა, იუსტიციის სამინისტრომ პირველად მოგვანიჭა ასეთი სტატუსი და სასამართლოც პირველად განიხილავს ბავშვების უფლებების კოლექტიურ და განსაკუთრებით მძიმე დარღვევას.

აბა, როგორც ამერიკელები ქვეყნის სამსახურში ჩადგომისას ამბობენ So help me God 🌼 ან როგორც ჯედაები May the force be with us 🦹‍♀ წარმატებები ჩვენ”. – წერს არგანაშვილი.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები