„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის შვილი დაკო ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს განათლების სამინისტრო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, საზღვარგარეთ სასწავლებლად, მაგისტრატურის პროგრამისთვის საჭირო თანხის მოსაპოვებლად, კონკურსში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევენ და „კონკურსებიდან გასაუბრებამდე ხსნიან“.

როგორც დაკო ნათელაშვილი წერს, მონაცემები, რომელიც ბრიტანეთში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მანჩესტერის უნივერსიტეტმა არ დაიწუნა, საქართველოში დაუწუნეს.

დაკოს თქმით, „არასდროს გამართლებია ქართულ მხარესთან, რადგან საქართველოში ცოცხლად კლავენ და ალპობენ მომავალ თაობებს და სპობენ მოსიარულე პოტენციებს, რის შედეგიც სახეზეა, რადგან სრულ უძრაობასა და უკუსვლაშია ჩავარდნილი სახელმწიფო“.

„უკვე მეორე წელია, რაც მანჩესტერის უნივერსიტეტიდან, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება უამრავ დარგში, მომდის სამაგისტრო საფეხურზე, მწვანე ინფრასტრუქტურის პროგრამაზე ჩარიცხვის წერილი.

მეორე წელია, რაც სწავლის დაფინანსების მოპოვების მიზნით განცხადებები შემაქვს კონკურსებში, რომლებიც ტარდება განათლების სამინისტროს მიერ, ან საქართველოში არსებულ ბრიტანეთის საელჩოში და ამ კონკურსებიდან გასაუბრებამდე მხსნიან.

კონკურსებში წარმოდგენილი დოკუმენტები და სერთიფიკატები თითქმის იდენტურია იმ დოკუმენტებისა, რომლითაც ჩავირიცხე მანჩესტერის უნივერსიტეტში შარშანაც და წელსაც.

განა რითი იყო ჩემი მონაცემები თქვენთვის არასაკმარისი ჩემი გასაუბრებაზე დაშვებისთვის? მონაცემები, რომელიც არ დაიწუნეს დიდ ბრიტანეთში, დაიწუნეს საქართველოში.

განათლების საერთაშორისო ცენტრი / iec

მე არ მჩვევია მსგავსი სტატუსების წერა, უბრალოდ დაკვირვებული ვარ, ყველა კონკურსში გამიმარჯვია, რომელშიც ქართული მხარე არ ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები (DAAD, Erasmus+) და არასდროს, არასდროს გამმართლებია ქართულ მხარესთან.

თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა და პროფესიონალებმა დატოვონ საქართველო და კაბინეტები გაავსოთ ბედოვლათებითა და არაპროფესიონალებით. ცოცხლად კლავთ და ალპობთ მომავალ თაობებს, სპობთ მოსიარულე პოტენციებს. შედეგად სახეზეა სრულ უძრაობასა და უკუსვლაში ჩავარდნილი სახელმწიფო.

და მე არსად დავიკარგები, სხვა ქვეყნებში ვცდი ბედს, ქართულ მხარესთან კი, ამ სისტემის პირობებში, საქმეს არასდროს დავიჭერ“, – წერს დაკო ნათელაშვილი.

შვილის პოსტს შალვა ნათელაშვილი გამოეხმაურა და წერს, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტრო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში იღებენ, მის ოპოზიციურ მოღვაწეობას უკავშირდება.

„ალბათ ხვდებით რომ ამ გადაწყვეტილებათა მიზეზი მამის ანუ ჩემი ოპოზიციური მოღვაწეობაა. მთავრობისაგან აღარაფერი მიკვირს ლამის პარტია აკრძალეს აგერ,მაგრამ გაოცებული ვარ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პროსახელისუფლებო სტრატეგიით ჩვენს მიმართ“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

კატეგორიები: სოც. ქსელები
ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები