გიორგი გახარიას გუნდი, რომელიც დღეს დაგეგმილ აქციას არ უერთდება, იმ გეგმას ასახელებს, რომლითაც საქართველო შეძლებს გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

გეგმის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხოჯევანიშვილმა დეპუტატებთან ერთად დღეს ბრიფინგზე ისაუბრა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გეგმა პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და მასზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დაიწყოს.

„საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა “ასოცირებულ ტრიოში”, “ოცნების” მთავრობის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკის შედეგად, დღეს არამარტო ეს პოზიცია დავკარგეთ, არამედ ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ ტრიოს 2 ქვეყანა იღებს, ხოლო საქართველო ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს!

ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხი ასოცირებული ტრიოდან ამოვარდნაა და არა ის მოთხოვნები, რომლებიც დაგვიწესეს, რადგან ეს რეფორმები თავად საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია!

დღეს ევროკავშირმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ 2022 წლის ბოლომდე დავბრუნდეთ დემოკრატიის, ევროპულ, თავისუფლების გზაზე!

სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან 2 კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ.

ხაზგასმით ვამბობთ, ერთობლივად, რადგან “ოცნების” ხელისუფლების გარეშე, თუ მან არ აღიარა ის პრობლემები, რაც ქვეყანაში შექმნა და მკაფიო ნება არ გამოხატა მათ გამოსასწორებლად, ვერც გამოასწორებს მათ, ხოლო თუ ოპოზიციის და საზოგადოების ფართო სპექტრი არ იქნება ჩართული ამ პროცესში, ვერ დაიძლევა პოლარიზაცია, რომელიც არის ევროკომისიის მოთხოვნების პირველი პუნქტი.

ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი შემდეგი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, ქმედით საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც, საბოლოო ჯამში – გამორიცხავს ქვეყანაში შემდგომშიც ოლიგარქიულ მმართველობას“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებსაც გააცნეს კონკრეტული გეგმა. გახარიას გუნდი მოუწოდებს ყველას, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 24 ივნისამდე, დღესვე დაიწყონ ერთად მუშაობა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ გეგმაზე ერთობლივ მუშაობას, იგულისხმება, რომ ის ღიაა მსჯელობისთვის და კორექტირებისთვის.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია, როგორც ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ისე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პირადად გავაცანით ჩვენი თხოვნა.

ახლა კი, კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მათ:

გთხოვთ, “ქართულ ოცნებას”, გთხოვთ, “ნაციონალურ მოძრაობას” და გთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს, დღესვე დავიწყოთ მუშაობა, პირველ რიგში, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 24 ივნისამდე ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველებს მიუხედავად ერთმანეთთან დაპირისპირებისა, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, შვილების მომავალს, შეგვიძლია შეთანხმება, რაც მთელ მსოფლიო დაანახვებს, რომ შეგვწევს კომპრომისის და დიალოგის უნარი, ვართ ევროპელები და ვართ ევროპული დემოკრატიისთვის მზად!

ეს პროცესი დღესვე უნდა დავიწყოთ და 2022 წლის ბოლომდე ლოგიკურ შედეგამდე მივიყვანოთ, რადგან საქართველოს შევუნარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა და მომავალი“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

„საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, „ოცნების“ მმართველობის წელიწად-ნახევრის განმავლობაში, წარმოებული პოლიტიკის გამო დღეს ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ ტრიოს 2 ქვეყანა იღებს და საქართველო ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს“. -განაცხადა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მისი თქმით, „ევროპული გზა შტურმით პარლამენტის აღებაზე არ გადის“.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს აქცია არის ერთი მხრივ პროტესტის სიმბოლო, რომელიც ობიექტურ გარემოებებზე იყო მიმართული და მეორე მხრივ, ეს იყო შტურმის ღამე სახელმწიფო ინსტიტუციაზე – პარლამენტზე. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა არ გადის შტურმით პარლამენტის აღებაზე.

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციას და მიმართული არ იქნება დეპოლარიზაციისკენ, ხელს უშლის ქვეყნის ხვალინდელ ევროპულ მომავალს,“ – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები