ჯანდაცვის სამინისტროსა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელიც „ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას და ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ – აქცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან

აღნიშნულით გაბუნია სასწრაფო სამედიცინო-დახმარების თანამშრომლების პროტესტს გამოეხმაურა, რომელიც კოვიდ პანდემიის დროს გაცემული დანამატის მოხსნას უკავშირდება.

როგორც გაბუნია განმარტავს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ანაზღაურება ჯანდაცვის სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციებს ატარებს მათთან, რათა შედგეს ის ოპტიმალური შეთანხმება, რაც მისაღები იქნება, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც უკიდურესი დატვირთვით მუშაობენ ამ პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება კოვიდ დანამატს, დანამატი უკავშირდებოდა კოვიდის სერვისს. მიმდინარე პერიოდში კოვიდის დატვირთვასთან დაკავშირებული ანაზღაურების გაცემა შეჩერდა ჰოსპიტალურ ქსელსა და ყველა სხვა სივრცეში.

აქედან გამომდინარე, კოვიდდანამატი სახელფასო ანაზღაურებაში როლს ვეღარ ითამაშებს. კონსულტაციები გვაქვს სამუშაო პირობებზე, დატვირთვასა და მორიგეობის გადანაწილებაზე. ანაზღაურება, რომელსაც იღებენ, ჩაჯდება შესაბამის ჩარჩოში, რომელიც ორივე მხარისთვის იქნება მისაღები“, – აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროფკავშირებთან ერთად ხელფასის მატების მოთხოვნით მორიგი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სასწრაფოში დასაქმებულების ინტერესი არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა, პროფკავშირებთან ერთად, აქცია გამართეს.

ექიმები, ექთნები და მძღოლები ხელფასების მატებას, ღირსეულ სამუშაო პირობებსა და შრომასთან შესაფერის ანაზღაურებას ითხოვდნენ.

მოგვიანებით ჯანდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა,  სადაც განმარტებული იყო ის მიზეზი, რის გამოც სასწრაფოს ექიმებს ხელფასები შეუმცირდათ.

 

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები