„ევროპარლამენტარებს ვუთხარი, რომ როცა ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება, პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ“, – აღნიშნული განცხადება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სამხარაძე აცხადებს, ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა „კრიტიკა მიიღო“ და დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

„მე დავაყენე ეს საკითხი და ვუთხარი, რომ ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის და ჩვენთვის ყველასთვის მიუღებელია, რომ რომელიმე ევროპარლამენტარის მხრიდან იყოს მსგავსი ტიპის რიტორიკა და ჩარევა და ჩემი კოლეგისგან ბატონი მაკალისტერისგან მივიღე პასუხად, რომ ეს კრიტიკა მიღებულია და ისინი ამის შესახებ დაელაპარაკებიან იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ.

მე ჩემს განცხადებაში ვიოლა ფონ კრამონი არ მიგულისხმია. შესაბამისად, ქალბატონმა ვიოლამაც კარგად იცის იმიტომ, რომ ჩემს პირისპირ იჯდა. მე ზუსტად ეს ვუთხარი, რომ როცა რომელიმე ევროპარლამენტარი გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი პოლიტიკოსისთვის შეურაცხმყოფელი იქნება, მე მას პასუხს აუცილებლად დავუბრუნებ, ეს ჩვეულებრივად მიიღეს (ევროპის პარლამენტის საგარეო) კომიტეტის წევრებმა, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. როცა შენ შეიძლება დაგიძახონ მოღალატე ან რუსეთის ინტერესების გამტარებელი, მაშინ მე მაქვს უფლება ამას ასევე მძაფრად ვუპასუხო და შესაბამისად, ეს მათ ვუთხარი, ეს ჩვეულებრივად იქნა მიღებული, აღქმული.

მთავარი საუბრის თემა იყო საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოების საკითხები და როგორ შეიძლება ამ მძიმე ვითარებიდან, რაც რუსეთის აგრესიამ უკრაინაში შექმნა, არ იყოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი. მაკალისტერის მხრიდან იყო განცხადება გაკეთებული, რომ ეს ომი საქართველოზე არ გადმოვიდეს, რადგან ევროკავშირის ინტერესებში არ არის, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია იყოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

ნათია ხარებაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები