ჯერ იყო და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვაო, მხდალი და მშიშარააო, მერე რომ ნახეს, არათუ ჩამოვიდა, ოთხი დღე ისე იარა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ფოტოები და ვიდეობი გადაიღო, ხელისუფლებამ ვერაფერი გაიგო, მერე თქვეს, რა აქცია, ვინ მივა „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზეო და ყველა ხედავდა პირდაპირ ეთერში ხალხის რაოდენობასაც, თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხის სიმშვიდესაც და მათ განწყობასაც, თუმცა გადავწყვიტეთ, შეგვეჯამებინა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია და პასუხი გაგვეცა კითხვებზე: რა უთხრეს პოლიტიკოსებმა და მოქალაქეებმა ამ ნაბიჯით საერთაშორისო საზოგადოებას და რა გამოხმაურება ჰქონდა ამ ყველაფერს პოლიტიკური ექსპერტების მხრიდან.

 

                                                       

ცოცხები, როგორც „ქართული ოცნების“ ეპოქის სიმბოლო

 

თავისუფლების მოედანზე შეკრება საღამოს 18:00 საათზე დაიწყო, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა სხვადასხვა რეგიონში შეკრება დილიდან დაიწყეს, მას შემდეგ კი, რაც ავტოკოლონები თბილისისკენ დაიძრნენ, ქალაქების შესასვლელებთან მოქალაქეებს ცოცხებით „შეიარაღებული“ ხალხი დახვდა, რომლებიც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ძირითადად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები იყვნენ. განსაკუთრებული ხმაური იყო რუსთავში, სადაც რუსთავიდან თბილისიდან მიმავალ სამარშრუტო ტაქსებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს. ერთ-ერთმა კი გაჩერებულ სამარშტრუტო ტაქსში ასვლა და მგზავრებისთვის ცოცხის ჩარტყმა სცადა. სწორედ ამის გამო, ადგილზე დილიდან სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.

საბოლოოდ აქციაზე მისვლა „ნაციონაური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მოახერხეს, სადაც სიტყვით გამოვიდნენ როგორც პარტიის წევრები, მერობის კანდიდატები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. სიტყვით გამოსვლებს შორის კი სცენას მომღერლები იკავებდნენ.

აქცია ჰიმნით დასრულდა, რომელიც გიორგი უშიკიშვილთან, სოფო ბათილაშვილთან, ლელა წურწუმიასთან და ლექსენთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის წევრებმა შეასრულეს.

 

                                                             

რა უთხრა სააკაშვილმა ციხიდან აქციაზე შეკრებილებს

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ციხიდან აქციაზე მყოფებს მიმართა და თქვა, რომ ის ვერ იქნება სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი. “ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ!” – წერს სააკაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას პუტინის რუსეთისკენ ქვეყნის სვლა და ყველამ ერთად საქართველო უნდა დააბრუნოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. როგორც სააკაშვილი ამბობს, ახლა საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა, ამისთვის კი ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საჭიროა დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა მეგობრებმა და თანამებრძოლებმა წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართეს. მათ შორის იყო იულია ტიმოშენკო – უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

“მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები”, – თქვა ვიდეომიმართვაში ტიმოშენკომ. მისივე თქმით, სააკაშვილი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.

რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს, მათ მოსახლეობას რამდენჯერმე მიმართეს, რომ ისინი ერთპარტიულად არ მოდიან ხელისუფლებაში და ქვეყანას მრავალპარტიულობა, მრავალფეროვნება სჭირდება.

 

 

რას წერენ პოლიტიკური ექსპერტები სოციალურ ქსელში აქციაზე

 

თავისუფლების მოედანზე აქციის მიმდინარეობისა და დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში ანალიტიკოსები საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ამ შემთხვევაში სწორედ მათ ანალიზი შემოგვეთავაზებინა. ყველაზე მთავარი, რასაც ისინი ხაზს უსვამდნენ, მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების რაოდენობა იყო, რადგან სწორედ აქციის მასშტაბურობა ხალხის განწყობის განმსაზღვრელი ფაქტორია.

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინდელი აქცია მნიშვნელოვანი გარდატეხა იყო.

“გუშინდელი მიტინგი იყო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხა ისტორიულად, როცა ამდენი ხალხი მოდიოდა საპროტესტოდ, ხელისუფლება დიდხანს ვეღარ ჩერდებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც აუცილებლად ასე იქნება. კიდევ რთული პროცესებია გასავლელი. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება…მიტინგი კარგი, მაგრამ ერთი ნაბიჯი იყო. შემდეგი მიჯნა არჩევნების მეორე ტურში რაღაცის მიღწევაა. ამის სერიოზული შანსი არსებობს, მაგრამ გარანტია არა”, – წერს გია ნოდია.

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც 2012 წელს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, აღიარებს, რომ ახლანდელი აქცია მასშტაბით ფაქტობრივად იგივე იყო.

“რადგან 2012 წლის ცნობილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი შეფასებით დღევანდელი აქცია იგივე მასშტაბის იყო +/- 3%. მაშინაც და დღესაც მთავარი მოქმედი პირები ბიძინა და მიშა იყვნენ – მაშინ ბიძინა+მიშა-, ახლა პირიქით მიშა+ბიძინა”, – წერს ხუხაშვილი.

ექსპერტი “ქართული ოცნების” მომხრეებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთვის არასასიამოვნო სიახლე აქვს.
“ორი სიტყვა ქართული ოცნების მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს.
მე მინდა არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ – რეალურად თქვენ ხართ ცოტა. მიშას მოწინააღმდეგეებს, რომლის ხარჯზე და იმედზეც ბაქი-ბუქობთ, თქვენც აღარ მოსწონხართ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისევ მიშასადმი მათ სიძულვილზე ააგოთ ყველაფერი და ცხვრებივით მორეკოთ ეს ხალხი, მაგრამ არის ერთი პრობლემა: როგორც წესი, ნებისმიერი აქციას სულს ბერავს არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ მომავლის რწმენა. რა ვუყოთ იმას, რომ ეს რწმენა თქვენში აღარ არსებობს? იმდენად არ არსებობს, რომ ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული…”, – წერს ხუხაშვილი.

გუშინდელ აქციას ეხმაურება კიდევ ერთი ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

“ესეც სააკაშვილის ფაქტორი: 2012 წლის მერე ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს. ეს შეუქცევადი პროცესია და სჯობს ხელისუფლებამ გაიაზროს დიდი შერიგების ინიციატივა. P.S. თუმცა, ეს ხალხი რუსთაველზე არა მარტო სააკაშვილმა, არამედ “ოცნების” უგუნურებამ, სიხარბემ, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა მმართველობამ შეჰყარა! “, – წერს ლაგაზიძე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებაა, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. განცხადება გაავრცელა პოლონეთს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩთან პოლონეთში სააკაშვილის დაკავების შემდეგ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა განვიხილეთ. გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობის დაცვა და პოლიტიკური ქმედებებისგან თავის შეკავება თბილისის ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად მნიშვნელოვანია”, – წერია სამინისტროს ოფიციალურ „ტვიტერ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები