რატომ არის ჰიპერმზრუნველობა ზიანის მომტანი ბავშვის განვითარებისთვის და რა შედეგებს ვიღებთ ზრდასრულებში  – ამ თემაზე “ფორტუნას” ფსიქოლოგი ინდირა გვარმიანი ესაუბრა.

ზრუნვა მშობლის მხრიდან შვილის მიმართ აუცილებელი ქმედებაა მისი ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა მზრუნველობა, რომელიც ბავშვის ასაკის ცვლილებასთან ერთად არ იცვლება და ისევ ორიენტირებულია ყველა მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, მისი ყველა პრობლემის მოგვარებაზე, მისთვის ე.წ  „სათბურის“ პირობების შექმნაზე, ზიანის მომტანია პიროვნების ფორმირების კუთხით.  ამ დროს ფერხდება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი. ეს ზრუნვის არაბუნებრივი, მომატებული დონეა. ის გამოიხატება მშობლების სურვილით მუდმივი ყურადღების ქვეშ ჰყავდეს ბავშვი,  ყოველთვის დაიცვას ის და აკონტროლოს. ამ მიდგომას თანდათანობით უნდა ენაცვლებოდეს სიყვარული, რომელიც გარკვეულ ვალდებულებს აკისრებს ბავშვებს და ერთგვარ საფუძველს უქმნის მის დამოუკიდებლობას.

ჰიპერმზრუნველი გარემო ზღუდავს ბავშვის თავისუფლებას. ყველაზე ადრეული გამოვლინება მშობლის ამგვარი ქცევის მაშინაა, როცა შვილი სამი წლის ასაკშია და დამოუკიდებლად ცდილობს გააკეთოს ისეთი ქმედება, რომელიც მას აქამდე გამოცდილებაში არ ჰქონია, მაგალითად, შეიკრას თასმა, დაასხას ჩაიდნიდან ჭიქაში წყალი, თვითონ აალაგოს მისივე სათამაშოები. მშობელი კი მსგავს ქმედებებს ბლოკავს, გამოართმევს ჩაიდანს ბავშვს და თვითონ დაასხამს, რომ არ დასველდეს, შეუკრავს თასმას, რომ არ დაეცეს, სათამაშოებს დაულაგებს, რომ არ გაოფლიანდეს და ა.შ .

როდესაც მსგავსი შემთხვევები მრავლად მეორდება, ბავშვი ხდება უინიციატივო და სხვაზე დამოკიდებული, რაც ზრდასრულ ასაკამდე მიჰყვება. ამგვარი გამოცდილებები კი ხელს უშლის მას ზრდასრულ ასაკში იფუნქციონიროს როგორც დამოუკიდებელმა პიროვნებამ.

ალბათ ხშირად შეგხვედრიათ 30-40 წლის ადამიანები, რომლებიც საკუთარ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებითაც კი ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, მუდმივად სხვებზე არიან დამოკიდებულები, უჭირთ ნებისმიერი პასუხისმგებლობის აღება, ერთგვარი უსუსურობითა და უუნარობით გამოირჩევიან.

ჰიპერმზრუნველობა, როგორც აღზრდის ფორმა შესაძლოა იყოს ფსიქოლოგიური ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზი. ინფანტილიზმი  გულისხმობს პიროვნების მოუმწიფებლობას, შეფერხებას პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში, რასაც შედეგად თან მოჰყვება ადამიანის ქცევის შეუსაბამობა ასაკობრივ მოთხოვნებთან. გარდა ამისა, მოზრდილ ასაკში ასეთ ადამიანები ავლენენ ბავშვისათვის დამახასიათებელ თავისებებურებებს ქცევაში, აზროვნებასა და ემოციურ რეაქციებში. მთელი ცხოვრება რჩებიან ბავშვის როლში, არიან სხვებზე დამოკიდებულნი, მიჩვეულები იმას, რომ მათ მაგივრად ყველაფერს სხვები  („დედა“ “მამა“ ) მოაგვარებენ.

ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელ ჩამოუყალიბებელ ადამიანს აქვს თავისი დამახასიათებელი ნიშნები, კერძოდ: პასუხისმგებლობის აღების უუნარობა/სურვილის არქონა. საკუთარ თავზე ზრუნვის უუნარობას ან სურვილის არქონა. პატარა ბავშვს, რა თქმა უნდა, ვერ ექნება საკუთარი თავის მოვლის უნარი, მაგრამ ხშირად ზრდასრული ადამიანიც იწყებს მოთხოვნას, რომ მას მოემსახურონ, მოუარონ, ეს მოთხოვნილება ჯერ აქვს დედის, მამის მხრიდან, შემდგომ ცოლის და ა შ. ნებელობის განუვითარებლობის გამო ინფანტილი ვერ ახერხებს მობილიზება გაუკეთოს საკუთარ ძალებს გადაწყვეტილების მისაღებად და მის სისრულეში მოსაყვანად. მას არ შეუძლია საკუთარი ნებისყოფის ხარჯზე იმოქმედოს “არ მინდას’’, “დავიღალეს’’, “რთულიას’’ საწინაამღდეგოდ.

ასევე ახასიათებს მომავლის პერსპექტივის არქონა – ინფანტილურ ადამიანს არ აქვს არანაირი გეგმები მომავლისთვის. იგი დინებას მიჰყვება და არ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს აწმყო მოთხოვნილებებს მომავალი კეთილდღეობის მოპოვების მიზნით. აქვს დაბალი თვითშეფასება, რა მის საუბარში გამოიხატება. ჰგონია, რომ არ შეუძლია სირთულეების გადალახვა, მის მაგივრად ამას ხომ სხვა აკეთებდა. შესაბამისად ის ასაკის შესაბამისად ვერც ვითარდება.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ აღზრდის ოქროს წესებზე. ამ შემთხვევაში აღზრდაში უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკობრივი ცვლილებები და მივცეთ მას პასუხისმგებლობები, რაც მას ასაკობრივად ეკუთვნის და თავს გაართმევს. ამის ნუ შეგვეშინდება, ნუ შეგვეშინდება მის მიერ დაშვებული შეცდომების, დაშვებული შეცდომა ხშირად კარგი გაკვეთილი ხდება და ხელს უწყობს პიროვნულ ზრდასა და განვითარებას. თუ ის ადრეული ბავშვობიდან, ასაკთან შესაბამისი ვალდებულებების შესრულებას მიეჩვევა, ამით ის საკუთარ ძალებში დარწმუნდება, განმტკიცდება, განუვითარდება უნარები, პასუხიმგებლობის გრძნობა  და საბოლოო ჯამში მივიღებთ მოწიფულ, ძლიერ, დამოუკიდებელ პიროვნებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მარტა ქარუმიძე
ავტორი

მსგავსი თემები