ერთმორწმუნე მეზობელი და ოკუპანტი რუსეთი აღარ ერიდება ღია მოთხოვნების წაყენებას დასავლეთისა და ამერიკისადმი, არც საკუთარ „უწყინარ“ სურვილებს მალავს და ყველა პარტნიორს, ფაქტობრივად, ულტიმატუმის ენით ელაპარაკება. ასე იყო ახლაც, ჟენევის მოლაპარაკებებზე, თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებებს და აგრესიას გვერდიდან, უფრო სწორად  ისეთი პატარა სახელმწიფოდან რომ აკვირდები, როგორიც საქართველოა, სულ იმაზე გეფიქრება, რა იქნებოდა, რესურსებით ასე მდიდარი და ლამაზი ქვეყანა სადმე სხვაგან, მაგ. შუაგულ ევროპაში რომ ყოფილიყო, ან მინიმუმ რუსეთი მაინც რომ არ დაგვყურებდეს თავზე, განვითარების რა დონეს მივაღწევდით და ა. შ. მაგრამ ახლა ფიქრებმა შორს და არარეალურ სამყაროში რომ არ წაგვიღოს, დავუბრუნდეთ იმას, რაც გვაქვს და გავარკვიოთ, საით მივდივართ – დასავლეთისკენ თუ რუსეთის მონობისკენ.

 

 

რა მოხდა ჟენევის მოლაპარაკებებზე

 

„უსაფრთხოების გარანტიები“ – ორი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს იყო ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა. უფრო სწორად კი ამ საკითხზე რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უნდა განეხილათ რუსულ-ამერიკულ მხარეებს. წინასწარვე კეთდებოდა განცხადებები, რომ ამ შეხვედრიდან არავითარი ოპტიმიზი მოსალოდნელი არ იყო. უფრო მეტიც, მოლაპარაკებებამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ლავროვის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა საგანგაშო უწოდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან წამოსულ ბოლო სიგნალებს და თქვა, რომ შეერთებული შტატები რუსეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ახლაც და გასული წლის ბოლოსაც ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად ამბობდა იმ მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების შესახებ, რასაც ის რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში დაუწესებდა.

ალბათ ისიც გახსოვთ, რომ რუსეთი ერთგვარ გარანტიებს ითხოვდა, ნატო აღარ გაფართოებულიყო და ამ ნაწილში საქართველოს და უკრაინას მოიაზრებდა, რაზეც ჟენევის მოლაპარაკებებზე კრემლს მკაფიოდ უთხრეს, რომ დასავლეთისთვის ასეთი მოთხოვნები მიუღებელია.

 ჩვენ არ ვიტყვით უარს იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლებსაც აშშსთან მუშაობა

სურთ. ჩვენ არ მივიღებთ უკრაინაზე გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე, ევროპაზეევროპის გარეშე და ნატოზენატოს გარეშე. როგორც ჩანა“, –  თქვა ჟენევაში თითქმის რვასაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა.

კოლექტიური დასავლეთის პოზიცია გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ გამორიცხავენ, უკრაინაში რუსეთის მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდნენ.

დასავლეთში არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა, თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა მეზობელი უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე, როგორც ეს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა.

ახლა კითხვაა – სად არის ამ დროს საქართველო. იქ, სადაც უკრაინაზე აქტიური საუბრები მიდის, იქ, სადაც დასავლეთი და აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, რატომ არ არის არსად ნახსენები საქართველო. გასაგებია, რომ ამ კონკრეტულ მომენტში რუსეთის სამხედრო აგრესია ჯერჯერობით ჩვენკენ არაა მომართული, მაგრამ ექსპერტები საერთოდ არ გამორიცხავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, შემდეგი საქართველო იყოს.

 

“დაველოდოთ, როდის გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა”

 

რატომ არის მთელი ეს პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა შესაძლებლობებს უნდა ველოდოთ, ამ თემებზე ჩვენ ექსპერტებს დავუკავშირდით.

“რონდელის” ფონდის მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ ზოგადად ასეთი ტიპის მოლაპარაკებების მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი.

“იქ, სადაც პრეზიდენტები ვერ თანხმდებიან, უფრო დაბალი დონის ჩინოვნიკები შეიძლება მხოლოდ მცირე საკითხებზე შეთანხმდნენ ხოლმე, მაგრამ არის სტრატეგიული თემები, მაგ. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების თემა. ამაზე რომ ზოგადად დასავლეთი დათანხმდეს, მაშინ ყველაფერი უნდა დათმოს და პუტინის წინაშე კაპიტულაცია მოახდინოს. ასევე ბალტიის ქვეყნებიდან პოლონეთიდან ნატოს ჯარების გაყვანის მოთხოვნაა, რაც შანტაჟია და ამას დასავლეთ არ წამოეგება.

ამის შემდეგ კი დადგება კითხვა, შეიჭრება თუ არა უკრაინაში რუსეთი, ეს მხოლოდ პუტინმა იცის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

ახლა საქართველოში პრობლემაა ყველა მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება მაინც უნდა შევასრულოთ და დაველოდოთ, როდის გაიხსნება ჩვენთვის ეს შესაძლებლობის ფანჯარა. მთავარია ჩვენ რამდენად ვიქნებით მზად”, – ამბობს ბატიაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია კი ამბობს, რომ პუტინი გავლენის სფეროების დაკანონებას ითხოვს.

“ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეროვნული ინტერესია ევროპული ინტეგრაცია და გვინდა თავი დავაღწიოთ რუსეთის აგრესიას, გქონდეს უსაფრთხოების ქოლგა ნატოს სახით, რა თქმა უნდა შეაფერხებს ეს პროცესი ჩვენს ინტერესებს. ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს, არა მხოლოდ უკრაინას.  ახლა, რეალურად რუსეთის გავლენის სფეროების დაკანონების წინააღმდეგ მიდის დასავლეთსა და რუსეთს შორის საუბარი, თუმცა არ მგონია, ეს პროცესი ჟენევის მოლაპარაკებებით დასრულდეს.  რეალურად, ეს არის რუსეთის მორიგი მცდელობა, რომ მან წესები შეცვალოს, სამხედრო აგრესიის რისკით კიდევ უფრო მეტად დააშანტაჟოს დასავლეთი“, – ამბობს თეონა აქუბარდია.

როგორც ცნობილია, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ, დღეს, 13 იანვარს რუსეთ-ეუთოს სხდომას, ასევე აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობით. ამ მხრივ, საინტერესო იქნება, რა საკითხებზე გაამახვილებენ მხარეები ყურადღებას.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები