რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო საზოგადოებას.

„ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას. შესაბამისად, გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, gmp-ის სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები,“ – განაცხადა პრემიერმა.

როდის იგრძნობს მომხმარებელი ამ გადაწყვეტილების შედეგს – საკითხზე “ბიზნესკურიერში” ისაუბრა psp-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერმა, ნათია ხაბეიშვილმა.

„188-ე დადგენილებაში ცვლილება მხოლოდ ორი დღის წინ შევიდა ძალაში. შესაბამისად გარკვეული აქტივობა ამ მიმართულებით უკვე  დავიწყეთ და როდის აისახება ეს სააფთიაქო პროდუქტის ფასებზე, ამაზე საუბარი ცოტათი ნაადრევია.

მოგეხსენებათ, მედიკამენტების შემოტანასაც გარკვეული რეგულაციები სჭირდება. საკმაოდ რთული პროცესია რეგისტრაცია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თურქეთში მომწოდებლებთან ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დავიწყეთ, ჯერ ყველაფერი საწყის ეტაპზეა.

დღეიდან თურქეთის ბაზარი გაიხსნა, მედიკამენტების ფასებს შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია: ირაკლი ღარიბაშვილი

188-ე დადგენილების ცვლილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც თურქეთში უფრო იაფია, ვიდრე ჩვენთან, გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ფიზიკურადაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ მომხმარებლისთვის და შესაბამისად უფრო დაბალი ფასებიც იყოს.
ეს ყველაფერი პროცესის ნაწილია და შესაბამისად გარკვეულ პერიოდში მოხდება მისი ასახვა“. – განაცხადა ნათია ხაბეიშვილმა „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.

კითხვაზე, რამდენად არსებობს კითხვები თურქეთში წარმოებულ მედიკამენტებთან ფალსიფიცირების კუთხით და რამდენად საფრთხილოა აღნიშნული თემა, ნათია ხაბეიშვილი პასუხობს:

„ეს რეგულაციის თემაა. თუ ჩვენი ქვეყნის მიერ მკაცრად იქნება განსაზღვრული, რომ თურქეთიდან უნდა შემოვიდეს მედიკამენტები და რეგისტრაციას გაივლის მხოლოდ ის, რომელიც იწარმოება საერთაშორისო სტანდარტის, gmp -ის მიხედვით, მაშინ ფალსიფიცირების თემა მოხსნილი იქნება და ხარისხის საკითხიც დარეგულირებული იქნება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში არის ძალიან მსხვილი და სერიოზული ქარხანები, რომელიც წამლებს gmp ხარისხით აწარმოებს და ამ მედიკამენტებს მომხმარებლებს ჩვენ აქამდეც ვაწვდიდით, რომელსაც ექიმის მიერ გამოწერილ ფორმა 100-ის საფუძველზე ვაძლევდით და მომხმარებელი ამ წამლებს იაფად იღებდა, მაგრამ პარტიის სერიული შემოტანა და დადგენილებაში ცვლილება უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით ცვლილება განხორციელდეს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საუბარია მხოლოდ გარკვეული რაოდენობა მედიკამენტებზე და არა ყველა მედიკამენტზე, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ითხოვს,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა რადიო “ფორტუნას” გადაცემაში „ბიზნესკურიერი“.

მერი კობიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები