ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევაშია აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის ფინანსური ზიანის, ბიზნესმენისთვის კი სარგებლის მომტანი გადაწყვეტილებები, ხელისუფლებამ „კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ მიიღო.

კვლევის მიხედვით, სახელმწიფომ რაჭაში 104 712 ჰექტარ ტყეზე (რაჭის ტერიტორიის მესამედი და ქვეყნის ტერიტორიის 1.4%) სამონადირეო მეურნეობის მოწყობის 49 წლიანი ლიცენზია გასცა კომპანიაზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეც რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

„გარიგება მრავალ პრობლემას შეიცავს ტყის მართვისა და გარემოსდაცვითი რეგულაციების დარღვევის მხრივ, რის გამოც, გარემოსდამცველებმა სასამართლოს მიმართეს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს.

თუმცა, სათანადო ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ ამ გარიგებით საქართველომ კონკრეტული ფინანსური ზიანი მიიღო – რაჭის ტერიტორიის მესამედზე კერძო სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ლიცენზიის გაცემის გამო აღარ არის შესაძლებელი შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა, რაც მეტ შემოსავალს მოიტანდა. ჩვენი დათვლით, ამ გზით, სახელმწიფო დაახლოებით 2 057 593 ლარის (619 757 აშშ დოლარი) პირდაპირ შემოსავალს კარგავს.

საქმის გარემოებები მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესის საწინააღმდეგოდ, რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენის ინტერესის სასარგებლოდ გაკეთდა, რისი მიზეზიც, შესაძლოა, კორუფციული გარიგება ან გადაწყვეტილების მიმღებ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება იყოს“, – აღნიშნულია TI-ს კვლევაში.

კვლევის მიხედვით, 2022 წლის 10 თებერვალს სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ“ მიიღო. სატყეო სააგენტომ სწორედ ამ კომპანიის განცხადების საფუძველზე დაამუშავა სამონადირეო მეურნეობის მოწყობის იდეა და გამოაცხადა აუქციონი.

აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ ფლობს, რომელიც თავის მხრივ, ეკუთვნის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია Global Victory Investments Limited. კვლევის თანახმად, ამ კომპანიების საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე ბიზნესმენი დავით ხიდაშელია.

„აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ ლიცენზიის საფასურის სახით 1 151 832 ლარი გადაიხადა და აიღო 5 წლის განმავლობაში დამატებით 5 მლნ ლარის ინვესტირების ვალდებულება. ამრიგად, კომპანიამ ჰექტარში გადაიხარა 11 ლარი და აიღო ჰექტარზე დამატებით 47.7 ლარის ინვესტირების ვალდებულება“, – აღნიშნულია TI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, ხომ არ შეიცავდა რაჭის ტყის განკარგვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დანაშაულის ნიშნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის პრობლემა მზარდია.

„მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ.

ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგრაფების“ საქმეში მმართველი პარტიისთვის სამსახურის გაწევად შეიძლება შეფასდეს. ამ საქმის გამოყენებით, შესაძლებელი გახდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ ამომრჩეველთა მობილიზება“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.

კვლევის მიხედვით, რამდენიმე გარემოება მიანიშნებს იმაზე, რომ დავით ხიდაშელი არ არის რიგითი ბიზნესმენი, და რომ ის ბიძინა ივანიშვილთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირია:

  • დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორი და მეგობარია. 2007-2014 წლებში ის ევტუშენკოვის კომპანია “სისტემას” (უმსხვილესი რუსული კორპორაცია) ხელმძღვანელობდა. კომპანია რუსულ სამხედრო მრეწველობაში არის ჩართული. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 2022 წლის 13 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა ევტუშენკოვს სანქციები დაუწესა;
  • ევტუშენკოვს ასევე ახლო კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილთან. მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების თანახმად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ივანიშვილმა ევტუშენკოვისგან ბიზნეს შეთავაზება მიიღო და მის წარმომადგენელს ქვეყნის პრემიერთან შეხვედრა შესთავაზა (პრემიერი ღარიბაშვილი 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი ასისტენტი იყო). ევტუშენკოვმა ღარიბაშვილთან შეხვედრა დაადასტურა, ხიდაშელმა – უარყო, თუმცა ევტუშენკოვის შეთავაზებაში მონაწილეობის მიღება დაადასტურა;
  • დავით ხიდაშელი ე.წ. „კარტოგრაფების“ საქმის მთავარი მოქმედი პირია – გამოძიება მის მიერ რუსეთში მოპოვებული რუკების საფუძველზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის შეფასებით ეს საქმე ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს დავით ხიდაშელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. თავად დავით ხიდაშელის თქმით, რუკების მოპოვება მას ბიძინა ივანიშვილმა სთხოვა, რისთვისაც მას ივანიშვილმა საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ 2022 წლის 28-29 მაისს, პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის იორდანიაში ოფიციალური ვიზიტისას, სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში, გაურკვეველი სტატუსით, დავით ხიდაშელიც იყო.

სოფიო ბერიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები